საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბუდაპეშტში უნგრელ კოლეგას შეხვდა. ილია დარჩიაშვილისა და პიტერ სიიარტოს ერთობლივ პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ უნგრეთის მთავრობის მიერ განსაზღვრული დეფიციტური პროფესიების მქონე საქართველოს მოქალაქეები უნგრეთში დასაქმების შესაძლებლობას მიიღებენ.
უნგრეთის მთავრობამ საქართველო შეიყვანა იმ ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებსაც შესაძლებლობა ექნებათ დროის განსაზღვრული პერიოდით გამარტივებული წესით მიიღონ უნგრეთში სამუშაო ნებართვა.
"უნგრეთის მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველო შევიდა იმ ქვეყნების სიაში, საიდანაც მოქალაქეებს შეეძლებათ გარკვეულ პროფესიებით, განსაზღვრული დროით ჩამოსვლა უნგრეთში და დასაქმება. ასევე მოხარულო ვარ რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის იზრდება სავაჭრო ბრუნვა და მიმდინარე წელს ეს მაჩვენებელი გაორმაგებულია. ძალიან ვაფასებთ საქართველოს პოზიციას მშვიდობისაკენ სწრაფვის გამო და ძალიან ვაფასებთ საქართველოს ევროპულ მისწრაფებას და აქვე უნდა ვთქვა, რომ სამწუხაროდ ბრიუსელში არც თუ ისე დიდი ხნის წინ, მცდარი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, როდესაც საქართველომ არ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ჩემი მოსაზრებით, საქართველოსთვის უნდა მიენიჭებინათ კანდიდატის სტატუსი, მა ვფიქრობ, რომ საქართველომ და საქართველოს მოსახლეობამ დაიმსახურა ეს სტატუსი და გადაწყვეტილება საქართველოსათვის ამ სტატუსის არ მინიჭების შესახებ, ეწინააღმდეგება არა მარტო უნგრეთის, არამედ მთლიანად ევროკავშირის ინტერესებს და ევროკავშირის გაძლიერების მცდელობას. ეს გადაწყვეტილება ქართველი ერის მიმართ უპატივცემულობას და შესაძლებლობის გაფლანგვას წარმოადგენს,"- აცხადებს სიიარტო.
შეხვედრის შემდეგ სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა.
"საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების გამარტივებული მექანიზმის დანერგვა უნგრეთის ყველაზე მოთხოვნად სექტორებში, არის ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა. მადლობას ვუხდი უნგრელ პარტნიორებს მზადყოფნისთვის, რომ საქართველო შევიდეს იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც სარგებლობენ გამარტივებული პროცედურით. ეს ჟესტი ჩვენი ქვეყნისადმი უნგრეთის ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთი მაჩვენებელია. ვიმედოვნებ, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები უახლოეს მომავალში დასრულდება. ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ ეკონომიკურ განზომილებაზე და მივესალმებით ორმხრივი ვაჭრობის სტაბილურ ზრდას. ჩვენ უაღრესად ვაფასებთ უნგრეთის მიერ ქართველი სტუდენტებისთვის სტიპენდიების გამოყოფას და მოუთმენლად ველით ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებას. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენი საუბრის ერთ-ერთ ძირითად საკითხს წარმოადგენდა. საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება ისტორიული ფაქტია, რომლითაც ევროკავშირმა დაადასტურა, რომ საქართველო ევროპული სახელმწიფოა და ის ევროკავშირის წევრი გახდება,"- აცხადებს დარჩიაშვილი.