22 დეკემბერი 2024,   05:10
ვრცლად
ირაკლი ოქრუაშვილის ხმაურიანი პოსტი სოციალურ ქსელში წაიშალა - რა შეფასებები მოყვა მის განცხადებას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში

ირაკლი ოქრუაშვილის სკანდალური პოსტი, რომელიც მან საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეების შესახებ გუშინ საღამოს დაწერა, "ფეისბუქმა" წაშალა. პოსტი დღეს სოციალურ ქსელში აღარ იძებნება, თავად ოქრუაშვილის განმარტებით, პოსტი facebook-ის ადმინისტრაციამ უარყოფითი გამოხმაურებების გამო წაშალა.

"ერთი პატარა მაგალითი, ბიძგი, რამდენიმე რუსი ჩაძაღლდეს რუსული მუსიკის ფონზე, გახურებულ ქართულ რესტორანში და მაგათი დუხი აღარ იქნება აქ,"- წერდა ოქრუაშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს სტატუსი უკვე წაშლილია, ირაკლი ოქრუაშვილის პათოსს, გამოხმაურება მოყვა პოლიტიკურ სპექტრში. 

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, პოსტს გუშინვე გამოეხმაურა და ის ომის გარანტიის მიღების მცდელობად შეაფასა. 

მმართველი გუნდის წევრების თქმით, ოქრუაშვილის ეს განცხადება ქსენოფობიურია, რომელიც ქვეყნის ომში ჩართვას ემსახურება.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ალუდა ღუდუშაურის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადება ქსენოფობიური პათოსის მატარებელია. 

"ამ პათოსით კიდევ ერთხელ დარწმუნდა საზოგადოება, როგორი სირცხვილი იყო ის რეჟიმი, რომელი რეჟიმის დროსაც ეს ადამიანი საკმაოდ მაღალ თანამდებობებს იკავებდა. ეს განცხადება არის საშიში, ნებისმიერი პროვოკაციული ქმედება ამ დროს არის ძალიან საშიში,"- აცხადებს ღუდუშაური.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" წევრი თეონა აქუბარდია მსგავსი სტილის განცხადებებს ემიჯნება და აღნიშნავს, რომ ის საფრთხის შემცველია.

"ნებისმიერი განცხადებები, რომელიც მოემსახურება რუსეთის ინტერესს, რომ აქ პროვოცირების მიზნით შესაძლებლობა ჰქონდეს შემოსვლის, არის საფრთხის შემცველი. ამიტომ, მსგავსი სტილის განცხადებებს მე ვემიჯნები. სამწუხაროდ "ქართულ ოცნებას" განსხვავებულად ესმის ეროვნული ინტერესები და საფრთხის განცხადებაც,"- აცხადებს აქუბარდია. 

ენმ-ს წევრი ბაჩო დოლიძე კი აღნიშნავს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის პოსტი ემოციურ ფონზე იყო დაწერილი.

დღის ამბები