22 დეკემბერი 2024,   09:59
ვრცლად
რუსის ჯარი უკრაინის ქალაქებს ისევ უტევს - საცხოვრებელი კორპუსები, ნანგრევების ქვეშ მოყოლილი მოქალაქეები, საარტილერიო დარტყმების მსხვერპლი მშვიდობიანი მოსახლეობა

რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკში ვითარება უმწვავესია. ადგილობრივმა, რომელმაც ვიდეოს გადაღება და გავრცელება მოახერხა, ამბობს, რომ ქალაქის ქუჩებში დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრებია და მათ რუსი სამხედროების შიშით ვერ ასაფლავებენ.

ომის დაწყებიდან 166-ე დღეს საოკუპაციო ძალების ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ ისევ ხარკოვის ოლქი რჩება. რუსეთის საზღვართან მდებარე უკრაინის ამ რეგიონში ბოლო თავდასხმას ისევ მსხვერპლი მოჰყვა.

დაიბომბა დონეცკის ოლქიც. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში აქ რუსების თავდასხმებს 5 ადამიანი ემსხვერპლა. დაიჭრა 17 მშვიდობიანი მოქალაქე. დნეპროპეტროვსკის ოლქში კი, ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში კვლავ ნიკოპოლისა და კრივორიცკის რაიონებზე მიიტანეს.

რუსები ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქებით იმუქრებიან. ასევე, უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოლქის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ხელი მოაწერა განკარგულებას ოლქის რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ე.წ. "რეფერენდუმის" ჩატარების შესახებ. სწორედ ზაპოროჟიეს რეგიონში არსებულ უკიდურესად მწვავე ვითარებასა და ატომური ელექტროსადგურის აფეთქების შემთხვევაში მოსალოდნელ საფრთხეებზე ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტმა მიმართვაში.

ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევას განაგრძობენ. მათ კიდევ ერთხელ მიიტანეს საარტილერიო დარტყმა ანტონოვსკის ხიდზე.

პარალელურად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა "ჰაიმარსებით" მიიტანა იერიში ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლზე. მერის ინფორმაციით, შედეგად, განადგურებულია რუსეთის სამხედრო ტექნიკა და 100 ჯარისკაცი.

 

დღის ამბები