22 დეკემბერი 2024,   10:25
ვრცლად
როგორ აღმოჩნდა ქართველი ჯარისკაცის პირადი ინფორმაცია ოკუპანტების ხელში- ხელისუფლების ოპონენტების ბრალდებებს მმართველ გუნდში პასუხობენ 

როგორ აღმოჩნდა ქართველი ჯარისკაცის პირადი ინფორმაცია ოკუპანტების ხელში-რუსულმა პროპაგანდამ უკრაინაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი მოსამსახურის პირადი მონაცემები აჩვენა, რომელიც ლისიჩანსკში ნახა.

კრემლის რუპორების მიერ გავრცელებულ ცნობას ოპერატიულად გამოეხმაურა ქართული ოპოზიცია. "დროას" ლიდერმა ხელისუფლებას ბრალი მოსკოვთან თანამშრომლობაში დასდო, ისევე, როგორც "ნაციონალურმა მოძრაობამ", რომლისთვისაც რუსული ტელევიზიის მიერ ნაჩვენები სიუჟეტი სახელმწიფოს დადანაშაულებისთვის საკმარისი მტკიცებულება აღმოჩნდა.

რუსული პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებულ სიუჟეტში, ჯარისკაცები სხვებთან ერთად ქართველი, ყოფილი სამხედრო მოსამსახურის პირად ინფორმაციას აჩვენებენ და ამტკიცებენ, რომ უკრაინელი ნაციონალისტები გაანეიტრალეს. რუსულ სატელევიზიო სიუჟეტს მალევე მოჰყვა გამოხმაურება ქართულ ოპოზიციურ სპექტრში. ელენე ხოშტარიამ დღეს თქვა, რომ საქართველო სამხედროების შესახებ ცნობებს, ოკუპანტს უკრაინის ტერიტორიაზე აწვდის. 

ბრალდებას მალევე თავდაცვის სამინისტროში უპასუხეს. უწყებამ ოფიციალური წერილით განმარტა, რომ თადარიგის ჯარისკაცების პერსონალური ინფორმაცია სამსახურიდან წასვლის შემდეგ სამინისტროში არ ინახება. ტექსტში ნათქვამია ისიც, რომ გავრცელებული ინფორმაციის აუთენტურობას შესაბამისი ორგანოები დაადგენენ. 

ხოშტარიას ბრალდებებსა და მისი ოჯახის მიერ რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან მიღებულ რუბლებს შორის საეჭვო კავშირს ხედავს მმართველი პარტია. სახელისუფლებო გუნდი ოპონენტს კვლავ ოკუპანტი ქვეყნიდან გადმორიცხვების გასაჯაროებას ურჩევენ.

ხოშტარიას მსგავსად, ქართველ მებრძოლის შესახებ რუსულ არხზე გასულ სიუჟეტს სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარემ. ნიკა მელიასთვის ოკუპანტის პროპაგანდისტულ მედიაში გასული სიუჟეტი ქართული სახელმწიფოს დადანაშაულებისთვის საკმარისი მტკიცებულებაა. 

ოპონენტების რიტორიკას მოღალატეობრივს უწოდებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლების აზრით, თავდაცვის უწყების დადანაშაულება ოკუპანტთან თანამშრომლობაში, მიზანმიმართული ანტისახელმწიფოებრივი კამპანიის ნაწილია. 

როგორ აღმოჩნდა და რამდენად რეალურია რუსების მიერ გამოქვეყნებული ქართველი მებრძოლის პერსონალური მონაცემები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ამ კითხვას პასუხს სავარაუდოდ უკვე გამოძიება გასცემს.

დღის ამბები