21 დეკემბერი 2024,   19:54
ვრცლად
ოკუპანტები კადიროვის საპატივსაცემოდ, მარიუპოლისთვის სახელის გადარქმევის პერსპექტივას განიხილავენ

ჩეჩნეთის ახალგაზრდობის კავშირი რამზან კადიროვის პატივსაცემად მარიუპოლის სახელის გადარქმევის შესაძლებლობაზე საუბრობს. ამის შესახებ კავშირის თავმჯდომარემ რუსტამ ტაპაევმა რადიოსადგურ Говорит Москва-სთან ისაუბრა.

ტაპაევის თქმით, კარგი იქნება თუ ინიციატივა თავად მარიუპოლის მაცხოვრებლებისგან წამოვა, რომელთა "გათავისუფლებაშიც" რამზან კადიროვს დიდი წვლილი აქვს.

"ვფიქრობ, ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ყველა კმაყოფილი იქნება, თუ სახელის გადარქმევა მოხდება. მაგრამ ინიციატივა პირველ რიგში ადგილობრივი ხელისუფლებისა და ადგილობრივი მოსახლეობისგან უნდა იყოს.

ვფიქრობ, ამას ბევრი ადგილობრივი მცხოვრები დაუჭერს მხარს, რადგან მადლიერი არიან, როგორც ჩეჩნეთის რესპუბლიკის მებრძოლების, ასევე თავად რამზან კადიროვის, რომ დაეხმარა ქალაქის გათავისუფლებაში," - აცხადებს ტაპაევი.

უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში, აზოვის ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქი მარიუპოლი ამჟამად მთლიანად რუსების მიერ არის ოკუპირებული. ქალაქი, რომლის მოსახლეობაც ნახევარ მილიონზე მეტი იყო, თითქმის მთლიანად განადგურებულია, დანგრეულია ათასობით საცხოვრებელი სახლი, აღარ არის კანალიზაცია და წყლის დეფიციტია, რის გამოც სხვადასხვა დაავადების გავრცელების საფრთხე არსებობს. მსხვერპლის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა ათეულობით ათასი იყოს.

ომის დაწყებიდან რამდენიმე თვე ქალაქს აზოვის პოლკი და უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა დანაყოფი იცავდა. თუმცა ძლიერი ბლოკადისა და გარე დახმარების სრული შეწყვეტის პირობებში, მათი მდგომარეობა მაისის თვეში  განსაკუთრებით დამძიმდა. 17 მაისს, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორიაზე ბლოკირებული მარიუპოლის დამცველების გადარჩენის ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა. ამის შემდეგ, "აზოვის" მეთაურმა დენის პროკოპენკომ ("რედის") განაცხადა, რომ  ასრულებს უმაღლესი სამხედრო სარდლობის დამტკიცებულ გადაწყვეტილებას გარნიზონის სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლის გადარჩენისა და ქალაქის თავდაცვის შეჩერებასთან დაკავშირებით.  ამის შემდეგ უკრაინელმა სამხედროებმა "აზოვსტალის" ტერიტორია, რომელიც ქალაქის ბოლო ბასტიონს წარმოადგენდა ეტაპობრივად დატოვეს. ისინი ამჟამად სავარაუდოდ რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის ტერიტორიაზე ტყვეობაში იმყოფებიან.

დღის ამბები