21 დეკემბერი 2024,   19:05
ვრცლად
25 000 მევენახე, 300-მდე კომპანია და 300 მილიონ ლარზე მეტი, რომელსაც კახეთის რეგიონი წელს შემოსავლის სახით მიიღებს

25 000 მევენახე, 300-მდე კომპანია და 300 მილიონ ლარზე მეტი, რომელსაც კახეთის რეგიონი წელს შემოსავლის სახით მიიღებს. მთავრობა ფერმერებს პირდება, რომ ყურძნის მოსავალს ქარხნები სრულად ჩაიბარებენ და მევენახეებს ყურძნის გასაღების პრობლემა არ ექნებათ. უკვე დადგენილია თეთრი ყურძნის ჩაბარების მინიმალური ფასიც, თუმცა ღირებულების ზრდა პროდუქტის ხარისხზეა დამოკიდებული. ყველაზე დაბალი მარჟა 90 თეთრია, თუმცა ღვინის მწარმოებლები ჭარბი მოთხოვნიდან გამომდინარე უფრო მაღლა ფასსაც პროგნოზირებენ.

თელავის რაიონში მევენახეები მოსავლის ასაღებად ემზადებიან. ახლა მათთვის მთავარია საღი პროდუქცია დროულად ჩააბარონ და ფასიც შესაბამისი აიღონ. მეწარმეები ამბობენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან ფასის სუბსიდირება მათ შემოსავალზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა ის საწარმო, რომელიც მევენახისგან პროდუქციას შეისყიდის, 90 თეთრიდან სუბსიდიის სახით 35 თეთრს მიიღებს. ამ მიზნით მთავრობა ჯამურად 150 მლნ ლარს გასცემს.

ყურძნის ჩაბარების ფასი ყურძნის ხარისხზეა დამოკიდებული. ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ კონსულტაციები მუდმივად აქვს მწარმოებელ კომპანიებთან. საწყისი მარჟა - 90 თეთრი ხარისხის შესაბამისად გაიზრდება. მაგალითად თუ რქაწითელი ეკოლოგიურად სუფთა და ნატურალური იქნება, მისი თვითღირებულება 3- 4 ლარია. საფერავი ჯიშის ყურძნის შემთხვევაში ჩაბარების ფასი ისევ მაღალია, 1ლ - 10 და ზემოთ.

წელს რთველი გასულ წელთან შედარებით ადრე დაიწყება და კოპმანიებიც უკვე მზადყოფნაში არიან. ამბობენ, რომ სუბსიდირება მათ შემოსავალზეც აისახება და ცხელი ზაფხულის გამო მოსავალიც უხვი იქნება. ამასთან კომპანიები პროდუქციის გასატანად ბაზრებს უკვე არჩევენ.

სოფლის მეურნეობის მინისტრი პროდუქციის მაღალი ხარისხის სარგებელზე საუბრობს. ამიტომ მიაჩნია, რომ ქარხნებში ხარისხიანი ყურძნის ჩაბარება უნდა მოხდეს.

კახეთში სპეციალური შტაბი დაახლოებით 10 დღეში შეიქმნება და გაუწევს მონიტორინგს რთველის მიმდინარეობას. მთავრობის ინიციატივის მთავარი მოტივია, არ შეფერხდეს რთველის პროცესი და ბაზრის მაღალი დინამიკა შენარჩუნდეს. გასულ წელს ექსპორტზე 107 მლ ბოთლი ღვინო გავიდა, ბოლო 7 თვეში გაიზარდა 40%-ით პოლონეთის ბაზარზე ქართული ღვინის მიწოდების რაოდენობა, აშშ-ში 16% -ით, გაორმაგებულია ქართული ღვინის გატანა იაპონიაში, ჩინეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში.

დღის ამბები