21 დეკემბერი 2024,   19:11
ვრცლად
საიას სარჩელი არ დაკმაყოფილდა - სენაკში 1 ოქტომბერს შუალედური არჩევნები გაიმართება

სარჩელი არ დაკმაყოფილდა - სენაკში 1 ოქტომბერს შუალედური არჩევნები გაიმართება. მას შემდეგ, რაც ქალაქის საკრებულო უმოქმედო დარჩა, ცესკომ საარჩევნო ოლქში ახალი არჩევნები დანიშნა, ეს გადაწყვეტილება კი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გააპროტესტა. მოსამართლემ იურისტების არცერთი არგუმენტი არ გაიზიარა, თუმცა არც საკუთარი გადაწყვეტილება განმარტა.

საია სააპელაციო სასამართლოსთვის ემზადება, "ნაციონალური მოძრაობა" კი, რომლის წევრის წასვლის შემდეგ სენაკის საკრებულო პარალიზებული აღმოჩნდა, ამბობს, რომ თემიდამ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო. კიდევ ერთი დეტალი, ორ თვეში დანიშნულ არჩევნებზე სენაკის საკრებულოსთვის არც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია იბრძოლებს და არც გახარიას "საქართველო".

სასამართლოს გადაწყვეტილებას სამართლიანს უწოდებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომლის თავმჯდომარეც ამბობს, რომ დამტკიცდა მხოლოდ ის, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის 12 აგვისტოს განკარგულება კანონთან შესაბამისი იყო.

მმართველმა პარტიამ დღეს ოპონენტებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ცესკოს განკარგულება კანონიდან გამომდინარეობდა. სწორედ ამიტომ, სასამართლოს გადაწყვეტილებაც, "ქართული ოცნებისთვის" ლოგიკური იყო.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, სენაკის მუნიციპალიტეტი, 64-ე მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ვახტანგ წურწუმიამ დეპუტატის მანდატი საკუთარი სურვილით ვადაზე ადრე დატოვა. თვითმმართველ ორგანოში სულ 33 წევრია - აქედან 16 ქართულ ოცნებას, 4 პარტია საქართველოსთვის და 13 კი ნაციონალურ მოძრაობას ჰყავდა. თუმცა მათივე პარტიის წევრის გადაწყვეტილებამ საკრებულოში პოლიტიკური თანაფარდობა შეცვალა.



დღის ამბები