22 დეკემბერი 2024,   10:08
ვრცლად
როგორ გაგრძელდება ევროპულ რეკომენდაციებზე მუშაობა - მმართველი გუნდის წინადადება "სამართლიანი არჩევნებისთვის" მიუღებელია

ერთად თუ არასამთავრობო ორგანიზაციების გარეშე - როგორ გაგრძელდება ევროპულ რეკომენდაციებზე მუშაობა. მმართველი გუნდის წინადადება სამართლიანი არჩევნებისთვის მიუღებელია. "ისფედი" "ქართულ ოცნებას" დისკრიმინაციული გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს.

სახელისუფლებო გუნდს რიტორიკას უწუნებენ პროცესს გამიჯნული, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც.

ჩატარდება თუ არა "საარჩევნო კოდექსის" გადასინჯვის თაობაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგი სხდომა მესამე სექტორის გარეშე - ჯერჯერობით, ამ კითხვაზე დაზუსტებით პასუხის გაცემა შეუძლებელია. "ისფედში" ამბობენ, რომ მათ ივნისში გამართულ აქციებში არ ჰქონიათ რაიმე კონკრეტული პოლიტიკური მოთხოვნა იმისგან განსხვავებული, რაც არ ჰქონდათ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს. შესაბამისად, ხელისუფლებას ისინი მიზანმიმართულ დისკრედიტირებაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ "სამართლიანი არჩევნების" გარეშე რეფორმის ჯგუფის მუშაობა სრულყოფილი არ იქნება.

"ძალიან სამწუხაროა, რომ რეალური საკითხებისგან თემის გადატანა ხდება და კიდევ ასეთი დისკუსია არის ვინ უნდა იყოს ჩართული და ვინ არ უნდა იყოს ჩართული. რაც შეეხება უშუალოდ სამართლიან არჩევნებთან მიღებულ გადაწყვეტილებას, არაერთხელ ვთქვი და ახლაც მგონია, რომ ეს იყო დისკრიმინაციული იმიტომ, რომ თუ კი ეს ეხება აქციებში სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართულობას, ჩვენ ყველანი ვიყავით იქ და ვითხოვდით ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს მოვითხოვთ მომავალშიც და მარტო "სამართლიან არჩევნებთან" დაკავშირებით იქნა ასეთი დისკრიმინაციული გადაწყვეტილება მიღებული. ვფიქრობთ, რომ ესეც ერთგვარი პრობლემაა იმიტომ, რომ კითხვებს აჩენს მთავრობის სურვილთან დაკავშირებით, რამდენად უნდათ სიღრმისეული საარჩევნო რეფორმის გატარება," - განაცხადა "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ.

რაც შეეხება სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათი თქმით, ხელისუფლება ულტიმატუმებით მიზანმიმართულად აფერხებს იმ პროცესს, რომელიც ევროკავშირის მიერ არის საქართველოს ხელისუფლების მიმართ რეკომენდებული.

"ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ მუშაობა, მაგრამ ის რიტორიკა და დამოკიდებულება, რომელიც აქვს საპარლამენტო უმრავლესობას სამოქალაქო სექტორის მიმართ, ნამდვილად არ არის იმ სტანდარტების, რაც უნდა ჰქონდეს დემოკრატიულ სახელმწიფოს გამომდინარე იქიდან, რომ ისინი სთხოვენ ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციას, რომელიც პროფესიულად ერთვება ამ პროცესში და მზად ყოფნას აცხადებს, ითამაშოს მათი წესებით, იქონიოს ისეთი მიდგომები და ისე იმოქმედოს როგორც მათ სურს," - ამბობს "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი.

მმართველი გუნდის პოზიცია განსხვავებულია - "ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ "ისფედი" ივნისში გამართულ აქციებზე კონკრეტულ პოლიტიკურ მოთხოვნებს აყენებდა და ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტებას ითხოვდა, რაც მათი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქციის შემადგენელი ნაწილი არ არის.

"კონკრეტული აქტორები, რომლებიც განსაკუთრებულად აქტიურობით გამოირჩეოდნენ და ითხოვდნენ არა თუ უბრალოდ მთავრობის გადადგომას, არამედ ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტებას და ამაში მონაწილეობა უნდა მიეღო როგორც ისინი ითხოვდნენ და მოთხოვნას აყენებდნენ სწორედ ამ წარმოდგენილ ინიციატორებს იმ აქციისა, ნაცვლად პოლიტიკური აქტორებისა და ხალხისა. ასეთი იყო მოცემულობა და ახლა რამდენიც არ უნდა მოხდეს უარყოფა, ეს არ იქნება სწორი. თუმცა, თუ ეს უნდა ჩავთვალოთ, რომ საწყისია ამ არალეგიტიმურ მოთხოვნებთან გამიჯვნისა მისი მხრიდან, ეს რა საკვირველია კარგი იქნებოდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამას მეტი სიცხადე დასჭირდება," - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები