21 დეკემბერი 2024,   19:44
ვრცლად
რუსეთთან ომის 6 თვე და დამოუკიდებლობის 31 წელი - რა საჩუქრები და სურვილები მიიღო ომში მყოფმა უკრაინამ მსოფლიოდან

დამოუკიდებლობის 31-ე წლისთავის დღე, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე განგაშის ფონზე გათენდა. საჰაერო თავდასხმის საფრთხე დილიდან ყველა ოლქში გამოცხადდა. მოქალაქეებს ხელისუფლებამ სიფრთხილისკენ მოუწოდა. აიკრძალა შეკრებები და თავყრილობები. თავდასხმის ყველაზე დიდი საფრთხე კიევში იყო.

სწორედ დედაქალაქის ქუჩებიდან მიმართა თანამემამულეებს ქვეყნის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კრემლს ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში აღლუმის ჩატარება კიევში სურდა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. სიმბოლურია, რომ დედაქალაქის მთავარ გამზირზე - ხრეშატიკზე დღეს მართლაც გამოჩნდა რუსული სამხედრო ტექნიკა, თუმცა, განადგურებული.

მოწოდებების მიუხედავად, დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილი კიევის მთავარ ქუჩაზე საზეიმოდ მაინც გავიდა.

დამოუკიდებლობის დღეს, უკრაინას დამოუკიდებლობის შენარჩუნებას უსურვებს მსოფლიო. სხვადასხვა ქვეყნის პირველმა პირებმა მილოცვები სოციალური ქსელებით ან ვიდეომიმართვებით გაავრცელეს. მილოცვის ტექსტი გაავრცელა პუტინის მოკავშირე ლუკაშენკომაც. ბელარუსის პრეზიდენტმა უკრაინელებს "მშვიდი ცა" უსურვა.

ბრიტანეთის პრემიერი კი, უკრაინაში მოულოდნელად ჩავიდა და მეგობარ ქვეყანას დამოუკიდებლობის დღე კიევიდან მიულოცა.

მსოფლიო ლიდერებს შეუერთდა და უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საქართველოს მთავრობის მეთაურმა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელ ხალხს ომის მძიმე პერიოდში მშვიდობა უსურვა.

პრემიერის მსგავსად, უკრაინას მიულოცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც. შალვა პაპუაშვილი წერს, რომ უკრაინელების სამაგალითო ბრძოლა თავისუფლებისთვის ხაზს უსვამს დამოუკიდებლობის დიდ მნიშვნელობას.

საზეიმოდ აღნიშნეს დამოუკიდებლობის დღე ლონდონში. ევროვიზიაზე გამარჯვებული უკრაინული სიმღერა ბუკინგემის სასახლის საპატიო ყარაულმა შეასრულა.

დღის ამბები