21 დეკემბერი 2024,   20:13
ვრცლად
გამარჯვება, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ძვირად დაუჯდა - ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ მძიმე ტრავმა მიიღო

გამარჯვება, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ძვირად დაუჯდა - ქართველმა კალათბურთელებმა თბილისი არენაზე ნიდერლანდები 77-66 დაამარცხეს, მესამე მეოთხედში გუნდმა გულშემატკივართან ერთად შოკი განიცადა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ მძიმე ტრამვა მიიღო. ეროვნული ნაკრების კაპიტანი თბილისი არენადან კლინიკაში გადაიყვანეს, მას მხრის მოტეხილობა დაუდასტურდა, ასევე მყესები აქვს გაწყვეტილი.

თორნიკე შენგელია კალათბურთის თამაშს რამდენიმე თვე ვერ შეძლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეროვნული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატზე გუნდის კაპიტნის და ლიდერის გარეშე ითამაშებს. ამ დროისთვის შენგელია იტალიაში იმყოფება, მას ოპერაციას ბოლონიაში ჩაუტარებენ.

თბილისი არენაზე მომხდარ ინციდენტს წამყვანი სპორტული გამოცემები ეხმაურებიან, ყველა თანხმდება რომ შენგელიას არყოფნა ევროპის ჩემპიონატზე ნეგატიურად აისახება არამხოლოდ საქართველოს ნაკრებზე, არამედ ზოგადად ტურნირზე.

თორნიკე შენგელიას გარეშე ეროვნული ნაკრები პირველ შეხვედრას 27 აგვისტოს, ბრეშაში, იტალიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავს, 1 სექტემბრიდან კი საქართველოს ნაკრები, ლიდერის გარეშე ევროპის ჩემპიონატზე შეეცდება საუკეთესო შედეგის ჩვენებას.

 

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი 

დღის ამბები