21 დეკემბერი 2024,   19:53
ვრცლად
ასობით მოკლული და დასახიჩრებული, 100 ათასობით ქვეყნიდან იძულებით გაყვანილი უკრაინელი ბავშვი - ომის საგანგაშო სტატისტიკა

რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან 900-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა ან დაშავდა- ასეთია გაერო-ს ბავშვთა ფონდის ბოლო ინფორმაცია და მონაცემები, რომლის გადამოწმებაც UNICEF-მა შეძლო. ორგანიზაციაში არ გამორიცხავენ, რომ ეს რიცხვი გაცილებით დიდი იყოს.

გაეროს ინფორმაციით, ომმა მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანმანათლებლო სისტემაც გაანადგურა. ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ 10 სკოლიდან 1 დაზიანებული ან დანგრეულია, მშობლებს შვილების სკოლებში წაყვანის ეშინიათ. სასწავლო წელი ომში მყოფ ქვეყანაში ერთ კვირაში უნდა განახლდეს. გაერო ვლადიმერ პუტინს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

ომის ბავშვებზე დამატებით ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის გენერალურ პროკურატურა. უწყების ინფორმაციით, 24 თებერვლიდან დღემდე, უკრაინაში 374 ბავშვი დაიღუპა, 700-ზე მეტი კი მძიმედ დაშავდა. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დაბომბვის შედეგად 2328 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, აქედან 289 კი მთლიანად განადგურდა.

რუსები უკრაინაში ბავშვებს არამარტო კლავენ და ასახიჩრებენ, ისინი საკონცენტრაციო ბანაკებშიც მიჰყავთ. ბავშვთა უფლებების საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, დარია გერასიმჩუკის თქმით, რუსეთის შეჭრიდან დღემდე 234 ათასზე მეტი უკრაინელი ბავშვი იძულებით გაიყვანეს ქვეყნიდან - რუსეთში, ბელარუსში ან დროებით ოკუპირებულ დონეცკსა და ლუჰანსკში.

ევროპის შუაგულში დაწყებულმა ომმა მილიონობით უკრაინელი ქალი და ბავშვი ლტოლვილად აქცია. UNICEF-ის ინფორმაციით, ომის შედეგად უკრაინელი ბავშვების ნახევარზე მეტს საცხოვრებლის დატოვება მოუწია. ოჯახები უკრაინიდან მიიღო საქართველომაც.

დღის ამბები