უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ სიას, რომელშიც საქართველოს ის მოქალაქეები არიან შესულები, რომელთა დასანქცირებასაც კიევი ითხოვს, მმართველ პარტიაში ეხმაურებიან. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ეს სია უკრაინის მმართველი ფრაქციის ლიდერმა დავით არახამიამ დაანონსა და ამ სიით დაშანტაჟების მიზანი მეორე ფრონტის გახსნაა. ირაკლი კობახიძე უკრაინელ მაღალჩინოსანს ურჩევს, ეს ღიად და მკაფიოდ უთხრას ქართველ ხალხს.
"უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტო უნდა იყოს დაკავებული იმ უმძიმესი კორუფციით, რომელიც არის დღეს უკრაინაში. ამის მაგივრად დაკავებულია სხვა რაღაცებით. ეს დიდი ხანია დააანონსა არახამიამ, რომ ამას აპირებდნენ, ელენე ხოშტარიამ დადო სია და ზუსტად იგივე სია დაიდო უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ. ეს კოორდინაცია როგორ ხდება, ამაზე ჩვენი ეჭვები გვაქვს.
არახამია ერთის მხრივ დანილოვის და პოდოლიაკის ხელით გვირჩევს, რომ ჩვენ ჩავერთოთ ომში, გავხსნათ მეორე ფრონტი, მეორეს მხრივ ცდილობს დაგვაშანტაჟოს სანქციებით. ჯობია გახსნას კარტები და გააერთიანოს ეს ორი საკითხი - დაშანტაჟების მიზანი რომ არის მეორე ფრონტი, ეს თქვას პირდაპირ კაცურად. ქართველ ხალხის უნდა უთხრან ეს, რატომ ემუქრებიან ბიძინა ივანიშვილს სანქციებით და რატომ ითხოვენ მეორე ფრონტის გახსნას, ამაზე ქართველ ხალხს უნდა ესაუბრონ, თუ არიან ღირსეულები, მაგრამ ღირსება მათ არ აქვთ. ნუ, არახამიას ღირსება ვიცით, რაც არის.
საბოლოო ჯამში ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ეს ყველაფერი. ქართველმა ხალხმა შეიძლება რჩევაც მისცეს ბიძინა ივანიშვილს, იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გავხსნით მეორე ფრონტს და ჩავერთვებით ომში, ერთის მხრივ ბიძინა ივანიშვილსაც პრობლემები არ ექნება თავის მილიარდ დოლართან დაკავშირებით და მეორეს მხრივ. იქნება ხალხს უნდა, რომ ვიბრძოლოთ უკანასკნელ ქართველამდე და შევეწიროთ ამ ომს. მოდით, ღიად დაისვას ეს საკითხი და ამას ვურჩევდი მე არახამიას, ნაცვლად ამ გევრდითი შანტაჟისა, პირდაპირ თქვას, რომ იმიტომ აშანტაჟებს ბიძინა ივანიშვილს, რომ სურს მეორე ფრონტის გახსნა," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.