უკრაინაში ომის 205-ე დღეა - დაიბომბა სუმის ოლქი, არიან დაშავებულები. ინტენსიური შეტევა მიმდინარეობდა ხარკოვის ოლქის დასახლებებზე, დაშავდა 12 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი. დაზიანებულია სახლები.
რუსულმა ძალებმა მორიგი ავიაიერიში მიიტანეს კრივიი-რიჰზე, დაზიანებულია წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა. სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა ოდესის რეგიონზე, რუსულმა ჯარებმა ოლქს საკრუიზო რაკეტა შავი ზღვიდან დაუმიზნეს. მძიმე ბრძოლები გრძელდება ზაპოროჟიეს მიმართულებით, რუსულმა ძალებმა კასეტური საბრძოლო მასალა გამოიყენეს. იზიუმთან ახლოს ტყეში მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს, სადაც 400-ზე მეტი ცხედარია დამარხული.
"ტერორისტულმა სახელმწიფომ ჩვენს წინააღმდეგ უკვე გამოიყენა 3 800-ზე მეტი სხვადასხვა რაკეტა, მაგრამ ვერცერთი რაკეტა რუსეთს მიზანთან ვერ მიაახლოებს - უკრაინის დამორჩილება არ მოხდება და ყოველი რაკეტა რუსეთს უფრო დიდ საერთაშორისო იზოლაციასთან, უფრო დიდ ეკონომიკურ დეგრადაციასთან და კიდევ უფრო მკაფიო ისტორიულ დაგმობასთან აახლოებს.
გვინდა, მსოფლიომ იცოდეს, რა ხდება რეალურად და რამ გამოიწვია რუსეთის ოკუპაცია. ბუჩა, მარიუპოლი, ახლა, სამწუხაროდ, იზიუმი. რუსეთი ყველგან ტოვებს სიკვდილს და ამაზე პასუხი უნდა აგოს. მსოფლიომ რუსეთს პასუხი უნდა აგებინოს ამ ომისთვის. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი გუშინ სამუშაო ვიზიტით კიევში ჩავიდა. როგორც მან განაცხადა, ევროკომისია ყველაფერს აკეთებს, რათა პუტინმა თავისი ქმედებებისთვის შესაბამისი საფასური გადაიხადოს.
"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ვლადიმერ პუტინმა თავისი ქმედებების შესაბამისი საფასური გადაიხადოს, სწორედ ამიტომ, ევროკავშირი მხარს უჭერს ომის დანაშაულების მტკიცებულებების შეგროვებას, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში შემდგომი სამართალწარმოების მიზნით. ჩვენი საერთაშორისო სამართლებრივი სისტემის საფუძველია, დანაშაულის ჩამდენი პირები შესაბამისად დაისაჯონ. მე მჯერა, რომ შესაძლებელია, ერთ დღეს ვლადიმერ პუტინი ჩადენილი ომის დანაშაულების გამო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარდგეს," - აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
ავტორი: სანდრო სანაია