04 მაისი 2024,   12:39
ვრცლად
ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დღეს ორჯერ დაირღვა - ორივე მხრიდან სულ მცირე დაღუპულია 15 ადამიანი

ყირგიზეთი-ტაჯიკეთის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, დღის განმავლობაში მეორედ დაირღვა. პასუხისმგებლობას ოფიციალური ბიშკეკი დუშანბეს აკისრებს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტაჯიკეთმა ცეცხლი არამხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას გაუხსნა. გავრცელებული ცნობით, იყენებენ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს.

ცეცხლის განახლებას წინ რამდენიმესაათიანი მორატორიუმი უძღოდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ორივე მხარეს საზღვრის სიახლოვეს მობილიზებული ჰყავდა ასობით სამხედრო მოსამსახურე. საბრძოლო მზადყოფნაში იყო მოყვანილი მძიმე შეიარაღება.

მედიაში მსხვერპლის შესახებ სხვადასხვა ცნობები ვრცელდება. ადგილობრივი გამოცემების ინფორმაციით, დაღუპულები არიან როგორც ყირგიზეთის, ისე ტაჯიკეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, მაგრამ ამის შესახებ ოფიციალური წყაროები ჯერჯერობით არ საუბრობენ.

ჯერ კიდევ დილით, ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტში აცხადებდნენ, რომ ტაჯიკეთის მიზანი სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიის მითვისება იყო.

თუ სამხედროების დანაკარგი ამ დრომდე უცნობია, ცნობილი ხდება მსხვერპლის შესახებ მშვიდობიან მოსახლეობაში. ყირგიზული მედია 7 დაღუპულის და 55 დაშავებულის შესახებ ავრცელებს ცნობებს, რომელთა მდგომარეობა საშუალო სიმძიმის კატეგორიას მიეკუთვნება. ტაჯიკეთის ონლაინ გამოცემები კი 14 მშვიდობიანის დაღუპვაზე საუბრობენ.

დაძაბული ვითარების განმუხტვაზე ორი ქვეყნის პირველი დიპლომატები მუშაობდნენ. 

ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე შეტაკებები ორი დღის წინ დაიწყო. მხარეები სიტუაციის ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. 

დღის ამბები