09 ივლისი 2024,   03:31
ვრცლად
"განზრახ მკვლელობის ნაწილში თავს დამნაშავედ არ ცნობს, ამ ზომამდე მიიყვანეს, თავს იცავდა"-კიკეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულის ადვოკატი 

კიკეთში მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეზე დაკავებულ გელა ნიორაძეს ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ, რის შემდეგაც მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო იმსჯელებს. 52 წლის მამაკაცს განზრახ მკვლელობასა და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ.

უფლებადამცველის ინფორმაციით, დაკავებული განზრახ მკვლელობის ნაწილში ბრალს უარყოფს და ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს იცავდა.

"წარედგინება ბრალი დადგენილების საფუძველზე და შემდეგ  მიმართავს ბრალდების მხარე სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით. დიდი ალბათობით აღმკვეთი ღონისძიების სახით მოითხოვენ პატიმრობას. გამოძიება ედავება განზრახ მკვლელობას, ისეთი საშუალებით, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვა პირების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ასევე სხვა პირების მკვლელობის მცდელობას. განზრახ მკვლელობის ნაწილში თავს დამნაშავედ არ ცნობს. იარაღი ნამდვილად მას ჰქონდა, მაგრამ ამ ზომამდე მიიყვანეს, თავს იცავდა,"-განაცხადა ადვოკატმა სულხან კომახიძემ.

შემთხვევა კიკეთში შაბათს მოხდა. "კურიერის" ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი ვალი გახდა, რომელიც შეიარაღებულ თავდასხმაში გადაიზარდა. გელა ნიორაძემ ცეცხლი ავტომატიდან გახსნა. ადგილზე დაიღუპა ერთი მამაკაცი, 5 კი დაიჭრა.

დღის ამბები