საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა. ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა ანტონიო გუტიერეშთან გამართულ შეხვედრაზე მსოფლიოში არსებული ვითარება და გამოწვევები მიმოიხილა.
მთავრობის მეთაურმა გაეროს გენერალურ მდივანს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აფასებს გაეროს ჩართულობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.
ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის ერთგულია, რაც საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციასა და საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად.
შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და მის გავლენას მსოფლიოზე. შხვედრისას განიხილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოც. ხაზი გაესვა ირაკლი ღარიბაშვილის ძალისხმევით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებას, რომლის შედეგადაც აზერბაიჯანმა სომეხი ტყვეები გაათავისუფლა, სომხეთმა კი აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი რუკები გადასცა.
პრემიერ–მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, კვლავაც შეასრულოს მედიატორის როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.