დღეს პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველის არჩევის წესის ცვლილება პირველი მოსმენით განიხილება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პროცესი არის გამჭვირვალე და ინკლუზიური. პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე აცხადებს, რომ მხარს უჭერს ლევან იოსელიანის ინიციატივას და სრულად ეთანხმება, რომ ომბუდსმენის არჩევის პროცესი იყოს გამჭირვალე. ამასთან მიქანაძე იმასაც ამბობს, რომ მმართველ გუნდს დასამალი არაფერი აქვს.
"ვერცერთი ექსპერტი და პოლიტიკოსი ვერ დამისახელებს მსოფლიოში ამაზე მეტად გამჭვირვალე და ინკლუზიურობის მაჩვენებელ პროცესს, რომელიც რეგლამენტში გატარებული ცვლილებებით უკვე ასახული არის. ამასთან ერთად, როდესაც ოპოზიციის ნაწილმა და ამ შემთხვევაში "მოქალაქეების" მხრიდან დადგა ინიციატივა, რომ სახელობითი კენჭისყრა ჩატარდეს და იდენტიფიცირებული იქნას თითოეულ კანდიდატს ვინ დაუჭერს მხარს- ჩვენ ვამბობთ, რომ არაფერი არავისთან დასამალი არ გვაქვს დასამალი და მზად ვართ, რომ მხარი დავუჭიროთ ამ ინიციატივას. ასევე დავაფიქსიროთ ის გარემოება, რომ წარმოდგენილი 7 ან მეტი კანდიდატურიდან შესაბამისი პროცედურული განხილვების შემდეგ რომელ კანდიდატს დავუჭერთ მხარს,"-აცხადებს გივი მიქანაძე.
რაც შეეხება ოპოზიციას. ხელისუფლების მსგავსად ომბუდსმენის არჩევის ღიაობას ემხრობიან ოპოზიციურ სპექტრშიც. ამბობენ იმასაც, რომ მათ დასამალი ისედაც არაფერი ჰქონდა.