15 ნოემბერი 2024,   08:49
ვრცლად
უმრავლესობის წევრებიდან არიან მსურველები, რომლებსაც სურთ ჩვენთან გაერთიანება - მიხეილ ყავლაშვილი

"ხალხის ძალა" შესაძლოა გაფართოვდეს - დეპუტატები არ გამორიცხავენ მომავალში მოძრაობა გახდეს ფართომასშტაბიანი და მათ რიგებს შეუერთდნენ როგორც პოლიტიკოსები, ასევე ექსპერტები და საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები.

"ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატები აცხადებენ, რომ მათმა მეთოდმა და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებამ, საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი გაუჩინა.

საზოგადოებრივი მოძრაობის ”ხალხის ძალა" დამფუძნებელი, მიხეილ ყაველაშვილი ამბობს, რომ მათ მოძრაობაში გაერთიანების სურვილი უმრავლესობის ზოგიერთ წევრსაც აქვს. 

"ყველაფერმა, რაც განვაცხადეთ და მეტი დოზით მივაწოდეთ საზოგადოებას, საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი გაგვიჩნდა. იმიტომ რომ თითოეულ ჩვენგანს, მოქალაქეს სურვილი აქვს რომ მეტი იცოდეს თავის ქვეყნის შესახებ თუ რა პროცესები მიმდინარეობს და ჩვენ ფაქტებზე დაყრდნობით ვაწვდით სიმართლეს საზოგადოებას. უმრავლესობის წევრებიდან არიან მსურველები, რომლებსაც სურთ ჩვენთან გაერთიანება. ნუ დავასწრებთ მოვლენებს, ისინი თავად განაცხადებენ. ასევე, საზოგადოების სხვადასხვა მოღვაწეებს სურთ ჩვენთან გაერთიანება. ასევე, არ დავმალავ, გვაქვს მოლაპარაკება ბიზნეს სექტორთანაც. წერილების და ინფორმაციის სახით რასაც ვაწვდით ჩვენს საზოგადოებას ფაქტებზე დაყრდნობით, იგივე პროცესი გვინდა გავაგრძელოთ და რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩართულობა იქნება უზრუნველყოფილი," - აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.

პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის ”ხალხის ძალა” დამფუძნებელი, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ მათდამი საზოგადოების მხარდაჭერა ყოველდღიურად იზრდება.

"ბუნებრივია, რომ ჩვენ საზოგადოებრივი მოძრაობის გაფართოებას ამ ეტაპზე ვგეგმავთ. ეს არ იქნება ერთჯერადი ეტაპი. ბუნებრივია, ეს დინამიური იქნება და შეიძლება არა მხოლოდ პოლიტიკოსების შემოერთებაც იხილოს საზოგადოებამ. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიად გადაკეთებას, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვთქვით, რომ ამ ეტაპზე არ ვგეგმავთ, თუმცა არ გამოვრიცხავთ, გააჩნია პროცესები როგორ წავა,“ - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები