15 ნოემბერი 2024,   08:56
ვრცლად
"ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ უმრავლესობის რიგები არ შემცირდეს" - ირაკლი კობახიძე

"ხალხის ძალის" დამფუძნებლების მიერ დაანონსებულ შესაძლო გაფართოების საკითხზე კომენტარები გაკეთდა ქართულ ოცნებაში. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მოძრაობა არ იქნება კვეთაში "ქართულ ოცნებასთან." 

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ უმრავლესობის რიგები არ შემცირდეს. 

"ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ უმრავლესობის რიგები არ შემცირდეს. როგორც მოგეხსენებათ, ეს ოთხი დეპუტატი არის უმრავლესობის წევრი. რაც შეეხება ფრაქციის და პარტიის საკითხებს, ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პარტიაში და ფრაქციაში ჩვენი წევრების შენარჩუნება. ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები. რა თქმა უნდა, გვექნება დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით. ჩვენი სურვილია, რომ რა თქმა უნდა, მაქსიმალურად შენარჩუნდეს პარტიაში ის რაოდენობა, რომელიც გვყავს. ვნახოთ, დანარჩენს შევხედავთ, კონსულტაციები აჩვენებს. მათ დააანონსეს გაფართოება, ვნახოთ, ჩვენ ამაზე არავითარი კონსულტაციები დღემდე არ გვქონია,“ - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით სერგეენკო კი აცხადებს, რომ ის, რაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას სურს, ეს ევროატლანტიკური ინტეგრაციაა. 

"ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენი დეპუტატი გაიზიარებს მათ მოსაზრებას. ახლა, არსებული ვითარებით, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მომხრეა ევროატლანტიკური ინტეგრაციის და მე ეჭვი მეპარება, რომ ეს პარიტეტი რაიმემ მნიშვნელოვნად შეცვალოს," - აცხადებს დავით სერგეენკო.

დღის ამბები