საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მთავრობას მიმართავს, რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაგეგმილი ე.წ. რეფერენდუმები დაგმოს და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება დროულად გააკეთოს. ამ თემაზე პარლამენტის შვიდმა ოპოზიციონერმა წევრმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
დეპუტატები ოფიციალური შეფასების გაკეთებისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისკენ ასევე მოუწოდებენ საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს.
"რუსეთი აპირებს ოკუპირებული უკრაინის 4 ოლქში ჩაატაროს ე.წ. რეფერენდუმები. ჩვენ, დეპუტატების ნაწილი, მივმართავთ როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს წერილობით და მოვითხოვთ მისგან ოფიციალური პოზიციის დაფიქსირებას და შეფასებას ანექსიის მორიგ ფაქტად. ასევე, მივმართავთ ქალბატონ პრეზიდენტს, რომ გააკეთოს განცხადება და შეაფასოს ეს მორიგი უკანონობა. რაღა თქმა უნდა მივმართავთ პარლამენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, იმისთვის რომ პარლამენტმა შესაბამისი რეზოლუციით იქნება ეს თუ განცხადებით, შეაფასოს ე.წ. რეფერენდუმები," - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
დეპუტატების ნაწილის ამ განცხადებას "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ეხმიანება. მდინარაძე აცხადებს, რომ უმრავლესობის წარომადგენლების მხრიდან უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები ვრცელდება და ოპონენტები ყველაფერს მოგონილი ფორმალიზმით ეკიდებიან.
"ჩვენი მხრიდან რომ განცხადებები ვრცელდება და ახლაც დიდი სიამოვნებით იგივეს გავაკეთებ, ეს არ ითვლება თუ საბავშვო ბაღში არიან? ყველაფერს ეკიდებიან რაღაც მოგონილი ფორმალიზმის თვალსაზრისით. მე ვადასტურებ, რომ რუსეთის აგრესია, გამოხატული მათ შორის ყველაზე სასტიკ ფორმებში, ამავე დროს ისინი რომ ერთის მხრივ ადამიანებს ხოცავენ, შეჭრილები არიან, ოკუპაციას ახორციელებენ და ეს ბოროტი ზრახვები აქვთ, ამის გარდა ისინი ამას აკეთებენ რეფერენდუმის გზით, რაც არის ასევე დასაგმობი და ასევე არანაკლები სისასტიკე და არანაკლები ზეწოლა თავისუფალ და ცივილიზებულ სამყაროზე - ეს არის ნათელი. ეს უნდა გაიაზროს და გაითავისოს ყველამ, თანამედროვე, ცივილიზებულ მსოფლიოში. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად უადგილოა, ჩემს დონეზე ყოფნით? თუ უნდა გააკეთოს პარტიის თავმჯდომარემ? არ აკეთებენ თუ რა ხდება?" - თქვა მდინარაძემ.