საკადრო ცვლილებები, სახელფასო პოლიტიკა, სახელოვნებო განათლების რეფორმა, გელათის საკითხი და სხვადასხვა პროექტი, - ეს არის იმ საკითხების ნაწილი, რომლითაც დღეს დეპუტატები თეა წულუკიანთან შეხვედრაზე დაინტერესდებიან.
კულტურის მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში "მინისტრის საათის" ფორმატში წარსდგება. მოხსენების შემდეგ ის დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს.
"მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის შეკითხვა თეა წულუკიანისა და მეცნიერების გარკვეული ნაწილის ურთიერთდამოკიდებულებას შეეხება. "ნაციონალების" წევრი ლევან ბეჟაშვილი კი გელათის რესტავრაციისას შექმნილ პრობლემებზე და დაშვებულ შეცდომებზე აპირებს კითხვის დასმას. გელათის რესტავრაცია აქტუალური იქნება "სტრატეგია აღმაშენებლისთვისაც", ამასთან პაატა მანჯგალაძის თქმით, ის ასევე აპირებს, დაინტერესდეს თეა წულუკიანის საკადრო პოლიტიკით.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხების მინისტრთან კითხვები აქვს უმრავლესობასაც. პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის თქმით, შეკითხვები იქნება ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც საზოგადოებას აინტერესებს. უწყების მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების თემით დაინტერესებას აპირებს "ქართული ოცნების" წევრი გივი მიქანაძე. მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონების განვითარების კუთხით დაგეგმილი პროექტები.