ძეგლთა დაცვის სისტემაში სერიოზული რეფორმა განხორციელდა, ამას ზოგი რეპრესიებს უწოდებს, ორივე "რ"-ზე იწყება და არა უშავს - ამის შესახებ მინისტრის საათის ფორმატში მოხსენების დროს, საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, სასამართლოში 4 საქმიდან 4-ვეზე შედეგი სამინისტროს სასარგებლოდ დადგა.
"ძეგლთა დაცვის სისტემაში სერიოზული რეფორმა განხორციელდა, ამას ზოგი რეპრესიებს უწოდებს, ორივე "რ"-ზე იწყება და არა უშავს.
სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. 4 საქმეზე გადაწყვეტილება უკვე დამდგარია და 4-ვე გადაწყვეტილება არის სამინისტროს სასარგებლოდ - უარია ნათქვამი სამსახურში აღდგენაზე.
მე არ მაქვს კრიტერიუმები, რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიტერიუმის გარდა - ეს არის პროფესიონალიზმი, დაუზარლობა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გვყავდნენ ჩვენ ადამიანები, ეუბნები, რომ წადი ამ ძეგლზე ამოსულია ხე და მას უბრალოდ ეზარება, რომ წავიდეს. ძალიან მრცხვენია ამაზე რომ მიწევს საუბარი, მაგრამ მე ვერ ვმუშაობ ასე და ბოდიშს არ მოვიხდი ამისთვის, როდესაც მე არ მეზარება შრომა, მაგრამ თანამშრომელი მყავს, რომელსაც ეზარება შრომა და გასაუბრებაზე მეუბნება, რომ სახელმწიფო ვალდებულია შეინახოს. ასეთი სისტემა ვერ იქნება ის, რომელიც უვლის გელათსა და სხვა ძეგლებს. კრიტერიუმი, პროფესიონალიზმისა და მონდომების გარდა არის ის, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს პროფესიული და სხვა უნარები იმისთვის, რომ ის სამუშაო გასწიოს, რომლისთვის არის სამსახურში დასაქმებული," - განაცხადა წულუკიანმა.