ნიკა მელიას მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდში. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის განცხადება ადასტურებს, რომ "ნაცმოძრაობის" შიგნით, კლანებს შორის ბრძოლა ახალი ამბავი არ არის, ეს ბრძოლა დიდი ხნის დაწყებულია.
"როგორც ჩანს, მელია ლოგიკაში პოზიტიურად პროგრესირებს, რადგან უკვე დარწმუნდა, რომ კეზერაშვილი ოლიგარქია. ჩვენ ვიცით ერთი რაღაც, რომ "ნაცმოძრაობის" შიგნით, კლანებს შორის ბრძოლა ახალი ამბავი არ არის, ეს ბრძოლა დიდი ხნის დაწყებულია. ბრძოლა შეეხება მათ შორის იმას, ვის განკარგულებაში იქნება თავის დროზე მოპარული "ნაცმოძრაობის" დიდი ფინანსები.
მათ შიდა კლანურ ბრძოლაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ფაქტია, რომ მათ აქვთ ფინანსებზე ჩხუბი ერთმანეთში, მათ აქვთ შიდა გავლენებზე ჩხუბი ერთმანეთში და ასევე იმაზე, ვინ დაიტოვებს და დააფინანსებს "მთავარს", "ტვ პირველს", "ფორმულას" და როგორ გადანაწილდება ეს ყველაფერი," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.
ნიკა მელიას განცხადებასთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ.
"მას აქვს მცდელობები, რომ აიღოს ხელში პარტიის ლიდერობა და მას აქვს მცდელობა, რომ თვითონ გახდეს რეალური გადაწყვეტილების მიმღები. ჯერჯერობით, ეს არ გამოსდის ან ძალიან სუსტად აკეთებს ამას. არის კონფლიქტები, პარტიის შიგნით უფრო მერი დაიშალა, ვიდრე აეწყო," - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.