15 ნოემბერი 2024,   10:09
ვრცლად
მელია კეზერაშვილის წინააღმდეგ და სამი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება ერთი პოლიტიკოსისგან - რის მიხედვით იცვლის განწყობებს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე

ნიკა მელიამ დავით კეზერაშვილს გულწრფელობა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში საჯაროდ დაუწუნა. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ უკეთესია, რაც უფრო შორს იქნება თავდაცვის ყოფილი მინისტრი პოლიტიკური სპექტრისგან. თუმცა მელია ასე არ ფიქრობდა - ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, როდესაც დავით კეზერაშვილთან პარტნიორობას აანონსებდა, მანამდე კი რადიკალურად განსხვავებულ პოზიციაზეც იყო და ამტკიცებდა, რომ ყოფილმა მაღალჩინოსანმა თანხები - ყაჩაღობით, ქურდობით და ძარცვით იშოვა.

კეზერაშვილთან დაპირისპირებას მელიას თანაგუნდელებთან დაპირისპირებაც მოჰყვა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები პარტიის თავმჯდომარეს დღეს მედიასთან ღიად აკრიტიკებდნენ. თქვეს, რომ თავმჯდომარის განცხადება არასწორია და ისრების სხვა მიმართულებით გადატანას ემსახურება. მელიას პოზიციამ კითხვები გააჩინა "ნაციონალური მოძრაობაში",  სადაც პარტიის ლიდერს თავდაცვის ყოფილ მინისტრთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებაში კატეგორიულად არ ეთანხმებიან.

რატომ შეცვალა ნიკა მელიამ თავდაცვის ყოფილ მინისტრთან დაკავშირებით პოზიცია - ეს კითხვა დღეს სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც დაისვა.

ნიკა მელიას განცხადების შემდეგ, დღეს "ქართულ ოცნებაში" თქვეს, რომ პარტიის თავმჯდომარის ამ გამოსვლით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირებაა, რაც რეალურ მმართველობასა და ფინანსების გადანაწილებას უკავშირდება.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის განცხადება სავარაუდოდ პარტიის შიგნით განხილვის მიზეზი გახდება. არ არის გამორიცხული, ნიკა მელიას თანაგუნდელებისთვის განმარტებების გაკეთება მოუწიოს.

დღის ამბები