26 აპრილი 2024,   06:26
ვრცლად
ცხოვრება ისლამურ რევოლუციის შემდეგ, "მორალის პოლიცია" და ჰიჯაბის სავალდებულო ტარება- ირანში საპროტესტო ტალღა არ წყდება 

თეოკრატიულ ირანში, სადაც 43 წელია მკაცრი რელიგიური კანონები მოქმედებს ჰიჯაბის საჯაროდ მოხსნა ძალიან თამამი ნაბიჯია, არათუ მისი დაწვა. მამაცი ქალები ქუჩაში გამოვიდნენ, ჰიჯაბები მოიხსნეს, თმა სახალხოდ მოიჭრეს და დიქტატორის სიკვდილიც კი მოითხოვეს. ეს მას შემდეგ, რაც "მორალის პოლიციამ" 22 წლის ახალგაზრდა ქალს სასიკვდილოდ მხოლოდ იმის გამო სცემა, რომ თავშალი ზედმეტად თავისუფლად ეფარა. ძალადობას თვითმხილველები ჰყავს.მაჰსა ამინი დღეს 23 წლის იქნებოდა, ის წინააღმდეგობის მთავარ სიმბოლოდ იქცა. 

მაჰსა რომ პირველი არაა, ყველაზე კარგად მასიჰ ალინეჯადიმ იცის, რომელიც ახლა იმისთვის იბრძვის, რომ მაჰსა უკანასკნელი იყოს. ირანელი დისიდენტი 2009 წლიდან ნიუ-იორკში ცხოვრობს. კარგად ახსოვს ის წესები, რომელსაც სამშობლოდან გამოექცა და რომლითაც "ისლამური რევოლუციის შემდეგ" ქალების შევიწროება დაიწყო.

მაჰსა ამინის ისტორია მთელმა მსოფლიომ გაიგო, თანაგრძნობა მილიონობით ქალმა და კაცმა გამოხატა, ისინი ცვლილებებისთვის მხარდამხარ იბრძვიან, ირანში და მის ფარგლებს გარეთ. სოციალურ ქსელში ამ ამბავმა სოლიდარობის კამპანიას მისცა ბიძგი.

ირანს "ისლამურ რევოლუციამდე" დასავლური ელფერი ჰქონდა, ქალები და კაცები ქუჩაში თავისუფლად გადაადგილდებიან, არ არსებობდა ე.წ. "მორალის პოლიცია", ეს აიათოლა ხომეინის სათავეში მოსვლამდე ხდებოდა. 1979 წელს მან ფეჰლევების დინასტია რევოლუციური გზით შეცვალა და ქვეყნის სასულიერო ლიდერად იქცა. ახალ ირანში ქალები ყველაზე დიდი დარტყმის ქვეშ მოყვნენ.

ირანში განვითარებული მოვლენები კარგად ახსოვს ქრისტიან ამანპურსაც. "სიენენის" ჟურნალისტს, რომელიც თეირანში იზრდებოდა, 1995 წლის შემდეგ ირანის ყველა პრეზიდენტი ჰყავს ჩაწერილი, გარდა მოქმედისა. 23 სექტემბერს, ნიუ-იორკში მყოფმა ებრაჰიმ რაისიმ მასთან ინტერვიუ ჩაშალა. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეთანხმებული ჩაწერის დაწყებამდე რამდენი საათით ადრე ჟურნალისტს ჰიჯაბის გაკეთება მოსთხოვეს, რაზეც თავაზიანი უარი მიიღეს. 

ჯერ არავინ იცის ქალების ამბოხი ირანის ისტორიაში რა მასშტაბის მოვლენად ჩაიწერება, იქნება ეს ეპიზოდური თუ გარდამტეხი. თუმცა ირანელმა ქალებმა ის ნამდვილად იციან, რომ ძალა, რომელიც საკუთარ თავებში იპოვეს, უკვალოდ ვერ გაქრება.

დღის ამბები