დაპირისპირება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარესა და მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრებს შორის - "მოძრაობა საქართველოსთვის" აქტივისტის, გიორგი მუმლაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მასზე ფიზიკურად იძალადეს.
გიორგი მუმლაძე ნიკა მელიას სამუშაო ოთახში მისი შეჭრის ამსახველი ვიდეოკადრების გასაჯაროებას ითხოვს.
"ნიკა მელიას ინიციატივით მოხდა ჩვენთან შეხვედრა. რაც შეეხება იმას, რომ მე რაღაც შევიჭერი და ასე შემდეგ, ვამბობ პირდაპირ, გაასაჯაროვონ კადრები, სად არის შეჭრა და რა ქმედებებს აქვს ადგილი საერთოდ. ნიკა მელია იყო აფარებული დაცვას, მაგრამ ის გასცემდა მითითებებს რომ ჩვენ უფრო მეტად ვეცემეთ. ის არის ლაჩარი ადამიანი და ვერ იტანს კრიტიკულ აზრს. მსგავსი შემთხვევები ადრეც მომხდარა პარტიაში, როგორც ამბობენ, თუმცა არ გასაჯაროებულა. ის ხალხი, ვინც მე მირტყამდა მელიას მითითებით, ესენი არიან ზონდერები. ხელებშეკრულ ადამიანს რომ ურტყამ, აბა რა ხარ ვინ არის?!
თენგო სანაია და მისი ჯგუფი, ანუ ის ადამიანები, ვინც მელიას პარტიაში ხელფასს იღებენ, ეს ინტერესი აქვს მხოლოდ ამ ხალხს, ორიენტირებული არიან ჩემზე გაავრცელონ ათასი ჭორი და ათასი სიბინძურე. დაიწყო პირდაპირი მუქარა პირად მიმოწერებში. პირდაპირ მივმართავ ნებისმიერს, თქვენ შეაშინეთ ბებიათქვენები," - განაცხადა გიორგი მუმლაძემ "კურიერთან" საუბრისას.
მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ პარტიის წევრებად არ ითვლებიან, ისინი აქტივისტები არიან და აქვთ უფლება კითხვები დასვან, დაპირისპირებაც მათი თქმით, მათ შეკითხვებს მოჰყვა.
მუმლაძის საპასუხოდ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თენგო სანაია აცხადებს, რომ მუმლაძემ ნიკა მელიას სამუშაო ოთახში ყოფნისას კარებზე ბრახუნი აუტეხა და პროვოკაცია მოუწყო. მისი შეფასებით, მუმლაძე "ბინძური პროვოკატორია, რომელიც ყველაფერს კადრულობს." მუმლაძე "კურიერთან" საუბარი უარყოფს, რომ მუმლაძეს დაემუქრა.
ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობა" ადასტურებს რომ ნიკა მელიასა და გიორგი მუმლაძეს შორის დაპირისპირება მოხდა. პარტიის მიერ გავრცელებული განცხადებაში წერია, რომ "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრი გიორგი მუმლაძე თანმხლებ პირებთან ერთად ნიკა მელიას სამუშაო ოთახში შეიჭრა და "შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიით პროვოკაციის მოწყობა სცადა". "ნაციონალურ მოძრაობაში" ასევე განმარტავენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ჩართვის დროს, გიორგი მუმლაძე ჯგუფთან ერთად, პროვოკაციის მოწყობის მიზნით, განზრახ მივიდა ტელევიზიასთან და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ნიკა მელიას მძღოლს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცენტრალურ შესასვლელში მყოფი მაუწყებლის და დაცვის პოლიციის თანამშრომლების თანდასწრებით.