გიორგი მუმლაძე, რომელიც ჯერ კიდევ გასულ წელს ნიკა მელიას დასაცავად "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ღამეებს ათენებდა, ახლა ამბობს, რომ მას 19 სექტემბერს პარტიის თავმჯდომარისვე ბრძანებით სასტიკად გაუსწორდნენ. გიორგი მუმლაძის თქმით, დაპირისპირება პეტრე ცისკარიშვილის მხრიდან მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრ ლაშა ხუსკივაძეზე აგენტის წოდებას მოყვა. მუმლაძე იხსენებს, რომ ხუსკივაძესთან, ნარსიასთან და მოძრაობის სხვა წევრებთან ერთად, ოფისში საქმის გასარკვევად ნიკა მელიას თხოვნით მივიდა. აქტივისტი დარწმუნებულია, რომ პროვოკაცია მიზანმიმართულად მოუწყვეს.
პარტიაში ფიზიკურ დაპირისპირებას საოფისე ტექნიკის გარდა, მონაწილეების ჯანმრთელობაც შეეწირა. ჩხუბის შემდეგ რამდენიმე ნაკერი დაადეს "ნაცმოძრაობის" წევრ გირგი ქართველიშვილს. მძიმე დაზიანებები მიიღო საკრებულოს დეპუტატმა თორნიკე ბიკაშვილმაც. სავარაუდოდ ხელი აქვს მოტეხილი ლაშა ხუსკივაძესაც.
მწვავე ფიზიკური დაპირისპირება "ნაცმოძრაობის" წევრებსა და აქტივისტებს შორის ოფისში არ ამოწურულა. ინციდენტიდან 2 დღის შემდეგ მუმლაძე და მისი მეგობრები ნიკა მელიასთან საქმის გასარკვევად უკვე საზოგადოებრივ მაუწყებელთან მივიდნენ. მელიას ერთ-ერთ ეთერში სტუმრობის დროს, შეხლა-შემოხლა უკვე მის მძღოლთან მოხდა, შემთხვევა დაცვის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს. მუმლაძე "კურიერთან" ჰყვება, რომ ამ ფაქტის შემდეგ მან მუქარა. მისი თქმით, მელიას ზონდერჯგუფის წევრისგან "ფეისბუქზე" მიიღო. მუმლაძემ "კურიერს" თენგო სანაიას მიმოწერა აჩვენა, სადაც მისი მტკიცებით, სანაია სიცოცხლის მოსპობით ემუქრება.
მუქარის შემცველ მინაწერს გაყალბებულს უწოდებს თენგო სანაია. ნაცმოძრაობის წევრმა კურიერს ჩხუბის საკუთარი ვერსიაც მოუყვა. სანაიას თქმით, მუმლაძე და მისი მეგობრები მელიას ე.წ. "საქმის გარჩევის" მიზნით კაბინეტთან თვითონ მიუვარდნენ. რასაც პარტიის წევრებისა და თავმჯდომარის მისამართით გინება და შეურაცხყოფაც მოჰყვა. სანაია დღესაც არ გამორიცხავს, რომ გიორგი მუმლაძე და მისი თანამოაზრეები შესაძლოა გარე ძალების მიერ იმართებოდნენ.
ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში მიმდინარე პროცესები "ფეისბუქზე" ძმათაშორის ომს შეადარა ბადრი ბასიშვილმა, პოლიტსაბჭოს წევრმა კუთვნილი ადგილი დატოვა. ბასიშვილისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ მის თანაპარტიელებს. "ნაციონალურ მოძრაობაში" დღეს თავმჯდომარე დაიცვეს, აქტივისტებს კი უფლებების გადამეტებაზე მიუთითეს. პარტია მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრებთან თანამშრომლობას აღარ აპირებს.
ფიზიკურმა დაპირისპირებამ ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში დღეს სახელისუფლებო გუნდის სარკასტული გამოხმაურებაც დაიმსახურა. "ქართულ ოცნებაში" ინციდენტს "ნაცმოძრაობის" წევრების თვითლუსტრაციად აღიქვამენ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ბოლო მოვლენებმა "ნაცმოძრაობის" წევრების რეალური სურვილები კიდევ ერთხელ გამოააშკარავა.
დაპირისპირებასთან დაკავშირებით, რეალობის დასადგენად გიორგი მუმლაძე ყოფილ თანამებრძოლებს კამერების ჩანაწერების გასაჯაროებას სთხოვს. "ნაციონალურ მოძრაობას" კი ამ საკითხზე ჯერჯერობით ოფიციალური პასუხი არ გაუვრცელებია.