"მოძრაობა საქართველოსთვის" წევრი, გიორგი მუმლაძე 19 სექტემბერს, "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში მომხდარი დაპირისპირების დეტალებს კიდევ ერთხელ იხსენებს. როგორც მუმლაძე ამბობს, მას და მისი თანამოაზრეებს ნიკა მელიას მხარდამჭერები საპირისპირო აზრის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ერთ-ერთი ბრალდების საფუძველზე, გუშინ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თენგო სანაია, რომლის სახლშიც ჩხრეკა ჩატარდა. როგორც გიორგი მუმლაძე ამბობს, სანაია სწორედ ნიკა მელიას დაჯგუფების წევრია და ის მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნიდა.
”მოძრაობა საქართველოსთვის” წევრი აცხადებს, რომ ეს მიმოწერა გაასაჯაროვა მხოლოდ ერთი მიზნით, რომ საზოგადოებას გაეგო, რეალურად, რა ჯგუფი ჰყავს შემოკრებილი ნიკა მელიას და მისი მიზანი ვინმეს დაჭერა არ არის.
"მან პირადად მომწერა, დაიწყო უბინძურესი მუქარა, ტვინს გაგიხვრეტ, შუბლს გაგასხმევინებ და გააკეთა ეს იმისთვის, რომ მე მეპასუხა მისთვის მსგავსი ტექსტი, რომელსაც შემდეგ გაასაჯაროებდა და გამაშავებდა. იმიტომ რომ ისეთ ტყუილებს ავრცელებდა მანამდე, რომ ამისთვის იყო მზად. მე ეს მიმოწერა გავასაჯაროვე მხოლოდ ერთადერთი მიზნით, რომ გაეგო რეალურად, რა ხალხთან გვაქვს საქმე, რა ჯგუფი ჰყავს შემოკრებილი ნიკა მელიას და როგორ ჩაიგდო ხელში ნაცმოძრაობის მართვა. ეს არის ხელფასიანი მონური მენტალობის მოკრიმინალო ელემენტები. ჩემი მიზანი საერთოდ არ არის ვინმეს ციხეში გაშვება, მით უმეტეს არავინ არ დაუჭერიათ, გამოკითხვაზე დაიბარეს. მეც დამიბარეს პოლიციაში გამოკითხვაზე ჩემი საჯარო პოსტის გამო. მე არ მიმიმართავს პოლიციისთვის,“ - აცხადებს გიორგი მუმლაძე.