"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებსა და აქტივისტებს შორის მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება. როგორც ის აცხადებს, მომხდარი ფაქტი ნათელს ჰფენს, რომ პოლარიზაციამ თავად "ნაციონალურ მოძრაობის" შიგნით გადაინაცვლა.
"პოლარიზაციამ, რომელიც შემოჰქონდა "ნაციონალურ მოძრაობას" პოლიტიკურ სისტემაში, გადაინაცვლა "ნაცმოძრაობის" შიგნით, რაც არის ძალიან კარგი, ბუნებრივია. იქ არის შიდა დინებები, არის უამრავი კერძო ინტერესი, არის ოლიგარქების ინტერესები. მაგალითად, გამოიკვეთა ბოლო დღეებში განსაკუთრებით ერთ-ერთი ოლიგარქის, კეზერაშვილის ინტერესები, არის კიდევ მეორე ოლიგარქის, სააკაშვილის ინტერესები, რომელიც ცალკე იკვეთება და არის ამ ინტერესების დაპირისპირება, რაც ძალიან კარგია. ქვეყანაში არსებულმა პოლარიზაციამ გადაინაცვლა "ნაცმოძრაობის" შიგნით, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებას. რაც უფრო სუსტია ხოლმე "ნაცმოძრაობა", მით უფრო ძლიერია საქართველოში პოლიტიკური სისტემა და მით უფრო დაბალია ხოლმე პოლარიზაციის ხარისხი,“ - აცხადებს ირაკლი კობახიძე.