დავით კეზერაშვილის განცხადებას, სადაც ის აცხადებს, რომ პარტიული დღის წესრიგი არ აქვს, თუმცა მხარს უჭერს სამოქალაქო სექტორს ხელისუფლების წინააღმდეგ, მმართველ გუნდში ეხმაურებიან.
როგორც "ქართულ ოცნებაში" მიიჩნევენ, დავით კეზერაშვილმა აღიარა ის, რომ საკუთარი ფინანსებით აქტიურად ერევა პოლიტიკაში, რაც, მათი თქმით, ზუსტად შეესაბამება ოლიგარქის კლასიკურ გაგებას.
"ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ზარქუა ამ ლუსტრაციისთვის დავით კეზერაშვილს მადლობასაც კი უხდის.
"ეს ადამიანი, რომელიც არის სახელმწიფო ქონების ქურდი, იყო წაგებული ომის მინისტრი, რომელმაც ჯარისკაცებს ფული მოჰპარა. ამით ახლა აფინანსებს იმ ოპოზიციას, რომელიც რევოლუციური სცენარებით იმუქრება და აფინანსებს ოპოზიციურ ტელევიზიას. კლასიკური გაგებით ეს არის ოლიგარქი. აღიარა და მადლობა მას ამ ლუსტრაციისთვის. დაფინანსებულები, რომლებიც უკვე ერთმანეთში კამათობენ, ვის უფრო მეტი ჩაურიცხა, ახლა რას იტყვიან? მე მგონია, რომ უნდა მივიღოთ კანონი ოლიგარქიის შესახებ, რომელიც არის უკრაინული მოდელი, პირდაპირ უნდა ითარგმნოს და მიიღოს საქართველომ. ამით ქურდ-ბაცაცებს უნდა აეკრძალოთ საქართველოს პოლიტიკაში მონაწილეობა," - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
მმართველი პარტიის წევრი ალუდა ღუდუშაური მიიჩნევს, რომ დავით კეზერაშვილი ოლიგარქობის ყველა კომპონენტს შეესაბამება:
"ეს იყო პრაქტიკულად აღიარება და იმის დასტური, რომ თუ ვინმემ სადმე ოლიგარქი უნდა ეძებოს, ეს არის ბატონი კეზერაშვილი, რომელიც ფლობს სადავეებს კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებში, კონკრეტულ პარტიაში, ფლობს მედიასაშუალებას. აქედან გამომდინარე ყველა ის კომპონენტი, რომელიც კლასიკური გაგებით ოლიგარქს შეესაბამება, თვალნათლივ დავინახეთ, მისი განცხადებიდანაც კარგად ჩანს ეს ყველაფერი," - აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.