15 ნოემბერი 2024,   09:04
ვრცლად
საქართველოს ორი ქალი მინისტრიდან ერთი ამბობს რომ ძალადობის მსხვერპლია - კრივის ფედერაციის პრეზიდენტის წინააღმდეგ, შესაძლოა, გამოძიება დაიწყოს

საქართველოს ორი ქალი მინისტრიდან ერთი ამბობს რომ ძალადობის მსხვერპლია - კრივის ფედერაციის პრეზიდენტის წინააღმდეგ, შესაძლოა, გამოძიება დაიწყოს. თეა წულუკიანი დავით წიკლაურის მხრიდან ძალადობის მცდელობაზე საუბრობს. სიტუაცია დავით წიკლაურსა და წულუკიანს შორის სპორტის სამინისტროში რამდენიმე თვის წინ გამართულ შეხვედრაზე უკიდურესად დაიძაბა, მინისტრი ირწმუნება, რომ კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა მასზე დასარტყმელად გაიწია.

წიკლაური წულუკიანმა უკვე დასაჯა, კრივის ფედერაციას დაფინანსება შეუწყდა, თუმცა გრძელდება მოკრივეებისთვის თანხების გამოყოფა. კულტურისა და სპორტის მინისტრმა ფედერაციის პრეზიდენტი დღეს პოლიტიკურ ძალადობაშიც დაადანაშაულა. თეა წულუკიანის განმარტებით დავით წიკლაური 2012 წლის ზაფხულში ოპოზიციაში მყოფ "ქართული ოცნების" ამომრჩეველზე ფიზიკურად ძალადობდა. ფაქტი კრივის ფედერაციის პრეზიდენტმაც არ უარყო და თქვა, რომ 10 წლის წინ მომხდარ კონფლიქტს დღემდე ნანობს.

თავად წიკლაური ფიზიკური ძალადობის მცდელობის ფაქტს უარყოფს, თუმცა, მინისტრთან კონფლიქტს ადასტურებს. კრივის ფედერაციის პრეზიდენტი იმასაც ამბობს, რომ მისი ბრალეულობის დადასტურების შემთხვევაში, მზად არის პასუხი აგოს.

განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, თეა წულუკიანს სოლიდარობა გამოუცხადეს ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა. მათ განცხადება წულუკიანის პარლამენტში გამოსვლის მეორე დღესვე გააკეთეს. ისინი დღესაც ამბობენ, რომ თუ ფაქტი დადასტურდება, ამას მკაცრი რეაგირება უნდა მოჰყვეს.

ქალზე ძალადობას გმობენ პარლამენტის გენდერული საბჭოს წევრებიც. მათი შეფასებით, კანონმდებლობა ქალთა უფლებებს სათანადოდ იცავს და მინისტრისგან ფაქტზე ღიად საუბარი საზოგადოებითვის მაგალითის მიმცემია.

დღის ამბები