კიბერდანაშაული და თაღლითური სქემა, რომლითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სოლიდურ თანხებს სძალავდნენ.
"თქვენს კომპიუტერი დავირუსდა, თუ გინდათ ის კიდევ გამოიყენოთ გადახდა მოგიწევთ" - ამ პრინციპზე აწყობილი თაღლითური სქემით 12-კაციანმა ჯგუფმა მსხვერპლებს, საერთო ჯამში, 767 000 ევრო გამოსძალა. ეს მანამდე, ვიდრე სქემა გაიშიფრებოდა.
შსს-ს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა საქმეზე 4 პირი დააკავეს, 8-ს კი ბრალი წაუყენეს. ბრალდებულებს შორის ქართველებთან ერთად რუსეთის, ისრაელის და ბელგიის მოქალაქეეებიც არიან.
დაზარალებულები ძირითადად საფრანგეთის მოქალაქეები არიან, რომლებიც თბილისში მოქმედი ე.წ. ქოლ-ცენტრის თანამშრომლების მსხვერპლნი გახდნენ.
როგორც გამოძიებით გაირკვა, ქოლ-ცენტრის თანამშრომლები ძირითადად საფრანგეთის მოქალაქეებს ვირუსულ შეტყობინებებს უგზავნიდნენ, რის შემდეგაც მათი კომპიუტერული მოწყობილობები წყვეტდნენ ფუნქციონირებას. ამ შეტყობინებას ერთვოდა ტელეფონის ნომერი, რომელზე დარეკვითაც დაზარალებულებს გარკვეული თანხის გადმორიცხვის შემდეგ ვირუსული შეტყობინების წაშლას ჰპირდებოდნენ.
"კურიერმა" გაარკვია, რომ გამოძიება დაახლოებით 1 წელი მიმდინარეობდა, რომლის შედეგადაც 12 პირი ბრალდებულად სცნეს. მათ შორის ძირითადად ქალები არიან. თუმცა, ამ დროისთვის პატიმრობაში მხოლოდ 4 პირი რჩება, დანარჩენები აღიარებენ წარდგენილ ბრალდებას და გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულნი არიან.
"კურიერი" ბრალდებულების ადვოკატებს დაუკავშირდა, რომლებსაც კამერებთან საუბარი არ სურთ. მათ მხოლოდ სატელეფონო კომენტარი გააკეთეს.
"მივიდნენ ბრალწარდგენილნი სასამართლო პროცესზე და დარბაზში მოხდა მათი დაკავება. არჩილ მამულიასთან არაფრის გადმორიცხვა არ ხდებოდა, ის იყო კომპიუტერული ტექნიკის სპეციალისტი. დანარჩენი ის ფირმა რას აკეთებდა არჩილ მამულიასთვის უცნობია. ვინც საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი, მათი ზარალი 4 700 ევროს შეადგენს. ზარებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ ახორციელებდა, შესაბამისად ვინ საიდან რეკავდა ჩემთვის უცნობია," - განაცხადა არჩილ მამულიას ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ.
"კურიერმა" გაარკვია მისამართი, საიდანაც ე.წ. ქოლ-ცენტრი ფუნქციონირებდა. ეს არის შარტავას ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსი, სადაც ქოლ-ცენტრის თანამშრომლებს ნაქირავები ჰქონდათ ერთ-ერთი ბინა, საიდანაც დანაშაულებრივ საქმიანობას ახდენდნენ.
12 ბრალდებული საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბერს დაიწყება და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს 7-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.