15 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
ომის დანაშაული, ტერორიზმი, ბარბაროსული აქტი - მსოფლიო ლიდერები დღეს კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში რუსეთის თავდასხმებს ეხმაურებიან

მშვიდობიან მოსახლეობაზე სარაკეტო თავდასხმა ომის დანაშაულია - ასე შეაფასეს ევროკავშირში რუსეთის სამხედრო ძალების უკრაინაზე თავდასხმის შედეგები. ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ასეთი თავდასხმების ადგილი 21-ე საუკუნეში არ არის. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უკრაინის მიმართ სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოხატა და მომხდარი უმკაცრესად დაგმო.

შეშფოთება გამოხატეს ევროპულ კომისიაშიც. ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევს დაპირდა, რომ უკრაინის მხარდაჭერას უფრო გააძლიერებს.

დღევანდელი თავდასხმის დეტალების შესახებ ბრიუსელს ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირში უკრაინის მისიის ხელმძღვანელმა. ვსევოლოდ ჩენცოვმა მომხდარი ბარბაროსულ აქტად შეაფასა და ევროკავშირს სამხედრო დახმარება სთხოვა.

მომხდართან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი შედგა ნატოს გენერალურ მდივანსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის. იენს სტოლტებერგმა დმიტრო კულებასთან კრემლის ქმედებები დაგმო და უკრაინელ ხალხს მხარდაჭერას დაპირდა. უკრაინის ტერიტორიაზე რუსული სარაკეტო იერიშები დაგმეს მსოფლიო ლიდრებმაც. მათ შორის ესტონეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ, საფრანგეთმა, ავსტრიამ. ევროპული სახელმწიფოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთი ბარბაროსული თავდასხმებისთვის უნდა გასამართლდეს.

უკრაინის მასშტაბით მომხდარი თავდასხმები დაგმეს საქართველოშიც. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაღუპულთა და დაშავებულთა ახლობლებს სამძიმარი გამოუცახდეს.

რუსეთის მასობრივი თავდასხმების გამო ხვალ დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოები საგანგებო შეხვედრას გამართავენ. შეკრების ჩანიშვნა ზელენსკიმ გერმანიის კანცლერს სთხოვამ რომელიც ამჟამად G7-ს თავმჯდომარეობს. ონლაინ ფორმატში სიტყვით უკრაინის პრეზიდენტიც გამოვა.

დღის ამბები