დაპირისპირება კრივის ფედერაციასა და კულტურის მინისტრს შორის გრძელდება. დღეს 15-მდე ფედერაციამ ერთობლივი განცხადება გააკეთა და მოითხოვა სპორტი კულტურის სამინისტროსგან გამოიყოს, მათ შეიმუშავეს პეტიცია პრემიერის სახელზე, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილს გაუგზავნიან.
ფედერაციაში ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად დაფინანსების და კომუნიკაციის პრობლემებს ასახელებენ.
კრივის ფედერაციის პრეზიდენტი დავით წიკლაური აცხადებს, რომ სპორტს უნდა ხელმძღვანელობდეს ადამიანი, ვისაც ესმის და საქმის კურსშია თუ რა სჭირდებათ სპორტულ ფედერაციებს.
"ჩვენ, სპორტულმა საზოგადოებამ, თხოვნით მივმართეთ ბატონ პრემიერს, თუ იქნება შესაძლებელი რომ სპორტი, როგორც დარგი, ცალკე გამოიყოს და შეიქმნას ცალკე ან სამინისტრო ან დეპარტამენტი. ვფიქრობთ, რომ სპორტს ვინც კურირებს და ხელმძღვანელობს, აუცილებლად უნდა იცოდეს, ესმოდეს, უნდა იყოს საქმის კურსში, თუ რა სჭირდება სპორტულ ფედერაციებს.
ჩემი და მინისტრის დამოკიდებულება დავტოვოთ ღიად, არ ვისაუბრებ ამაზე ბევრს, ვფიქრობ რომ ეს არის დალაგებადი და დალაგდება. აქ იყო ერთადერთი პრობლემა კომუნიკაციის და მე ასე ვფიქრობ, რომ იყო არასწორად მიტანილი ინფორმაციის ბრალი ეს ყველაფერი და დღევანდელი მდგომარეობით, ის რაც სჭირდება სპორტულ ფედერაციას, ნაკრებებს და სპორტსმენებს აღდგენილია ფაქტობრივად 100 პროცენტით," - აცხადებს წიკლაური.
განცხადება უკვე გააკეთა კულტურისა და სპორტის მინისტრმა. თეა წულუკიანის თქმით, რომელიმე მიმართულების გამოყოფასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არა კონკრეტული მინისტრი, არამედ მთავრობა იღებს.
"მე მოცემულ ინდივიდზე ბევრი ვისაუბრე, ის არის არავინ, ამიტომ თქვენის ნებართვის მასზე ზედმეტ კომენტარს და დროს არ დავხარჯავდი. რაც შეეხება სპორტის გამოყოფას კულტურის სამინისტროსგან, ამ გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა და არა რომელიმე კონკრეტული მინისტრი, მე მხოლოდ შემიძლია ერთი ვთქვა, რომ იქნება ეს კულტურის მიმართულებით, სპორტის თუ ახალგაზრდობის მიმართულებით, მე, ჩემი მოადგილეები და მთელი სამინისტროს გუნდი მუშაობს სამივე მიმართულებით, კეთილსინდისიერად, არის მოწოდებული თითოეული შემოქმედი და სპორტსმენი ადამიანის ხელშეწყობისკენ, ახალგაზრდების და ვისაც ეს არ მოსწონს, ეს მისი პრობლემაა და არა სამინისტროსი," - ამბობს წულუკიანი.