19 მაისი 2024,   19:23
ვრცლად
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე პოლიციაში გამოკითხვები გრძელდება - გამოიკვეთა თუ არა უკვე პასუხისმგებელ პირთა წრე

უკვე 24 საათზე მეტია, რაც ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარ სამმართველოში, კომპანია "გრინსერვისის" და მერიის წარმომადგენლების დაკითხვა მიმდინარეობს. სხვებთან ერთად გამოძიებას ჩვენებებს აძლევენ კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი. ორივე მათგანი პოლიციაში გუშინ დაიბარეს და ამ დრომდე განყოფილება არცერთს არ დაუტოვებია.

მოხდება თუ არა კომპანიის ხელმძღვანელი პირების დაკავება ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის გამო - ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი "კურიერთან" ამბობს, რომ ამის იურიდიული საფუძველი არ არსებობს და საქმეში შესაბამისი მტკიცებულებები არ მოიპოვება.

დღის ბოლოს გამოძიების მიერ ამოღებული მტკიცებულებები ექსპერტიზაზე გადაიტანეს. მათ შორის კონკრეტული დოკუმენტები და ელექტრომოწყობილობები. საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა "გრინსერვისის" ოფისში. რა მიმართულებით მიდის გამოძიება, ამის შესახებ კომპანიის თანამშრომლებს ინფორმაცია არ აქვთ.

თავად "გრინსერვისის" ხელმძღვანელს ლაშა ფურცხვანიძეს პოლიციის განყოფილებაში შესვლამდე ვრცელი განმარტება არ გაუკეთებია და მხოლოდ ის დაადასტურა, რომ ვაკის პარკის, მათ შორის საბედისწერო შადრევნის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელი თავად არის.

უკვე მეორე დღეა პოლიციის მთავარ სამმართველოში  55-ე სკოლის პედაგოგების და სხვა თანამშრომლების გამოკითხვა მიმდინარეობს. ჩვენებებს აძლევენ მშობლებიც. პოლიციის სამმართველოში ელოდებიან სკოლის ადმინისტრაციის და მანდატურის სამსახურის თანამშრომლებსაც.

გამოძიებამ უკვე გამოკითხა მარიტა მეფარიშვილთან ერთად ვაკის პარკში მყოფი მისი მეგობრები და სხვა თვითმხილველები. სულ, შემთხვევის დროს პარკში 10-მდე მოზარდი იმყოფებოდა.

დღის ამბები