19 მაისი 2024,   18:00
ვრცლად
ბენზემა "ოქროს ბურთის" მფლობელია - ნომინანტთა შორის ვერ მოხვდა მესი

ქარიმ ბენზემა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. 34 წლის ფრანგმა გასულ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატი და უეფას ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ის ორივე ტურნირის ბომბარდირი გახდა, 46 შეხვედრაში 44 გოლი გაიტანა.

გამოკითხვის შედეგად მეორე ადგილზე მიუნჰენის ბაიერნის თავდამსხმელი სადიო მანე გავიდა, მანჩესტერ სიტის ნახევრმცველმა კევინ დე ბრუინმა კი მესამე ადგილი დაიკავა.

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს კუთვნილი ჯილდო - ბალონ დორი ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა ზინედინ ზიდანმა გადასცა. ბენზემას ინსპირაციის წყარო სწორედ ზიდანი და ბრაზილიელი რონალდო იყვნენ.

პარიზში გამართულ ღონისძიებაზე წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდო, რომელიც ლეგენდარული რაიმონ კოპას სახელს ატარებს ბარსელონას ფეხბურთელს, 18 წლის გავის გადაეცა.

წელს მეოთხედ გათამაშდა "ოქროს ბურთი" ქალთა შორის და ზედიზედ მეორედ საუკეთესოდ ბარსელონას 28 წლის ფეხბურთელი ალექსია პუტელიასი აღიარეს. გასული წლის მსგავსად, საუკეთესო ბომბარდირის ჯილდო რობერტ ლევანდოვსკის გადაეცა. პოლონელი გასულ სეზონში მიუნხენის ბაიერნის ღირსებას იცავდა, მან ყველა ტურნირზე ჩატარებულ 46 მატჩში 50 გოლი გაიტანა.

"სოკრატესის პრიზი" წელს პირველად დაწესდა და იმ ფეხბურთელს გადაეცა, რომელიც საქველმოქმედო პროექტებში აქტიური მონაწილეობითა და სამოქალაქო აქტიურობით გამოირჩევა. პრიზი სენეგალელ ლეგიონერ სადიო მანეს გადასცეს. მანეს ინიციატივით სენეგალში არაერთი საავადმყოფო აშენდა, ფეხბურთელი სისტემატურად აფინანსებს სკოლების მშენებლობებს. მანე საკუთარ სოფელ ბამბალიში მცხოვრებ 2 ათას ადამიანს ყოველთვიურად 70 ევროს ჩუქნის.

2022 წლის საუკეთესო საფეხბურთო კლუბი "მანჩესტერ სიტია." სიტის კაცთა გუნდმა პრემიერლიგა მოიგო და 99 გოლი გაიტანა, ჩემპიონთა ლიგაში კი ნახევარფინალში იასპარეზა. ქალთა გუნდი ლიგის თასის გამარჯვებული გახდა.

"ბალონ დორის" წლევანდელმა დაჯილდოებამ ლიონელ მესის გარეშე ჩაიარა. კრიშტიანო რონალდო კი 20-ე ადგილზე გავიდა. ორივე ფეხბურთელს ერთად 12 ოქროს ბურთი აქვს მოგებული.

 

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი

 



დღის ამბები