09 ივლისი 2024,   01:49
ვრცლად
საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა სასამართლო სისტემის ეფექტურობისა და მუშაობის თვალსაზრისით, ის, რაც ახლა უნდა გაკეთდეს, ამ სამუშაოს გაგრძელებაა - კელი დეგნანი

საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა სასამართლო სისტემის ეფექტურობისა და მუშაობის თვალსაზრისით, ის, რაც ახლა უნდა გაკეთდეს, ამ სამუშაოს გაგრძელებაა - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომელსაც ჟურნალისტებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ლევან მურუსიძის განცხადების თაობაზე კითხვა დაუსვეს.

კელი დეგნანის თქმით, ბევრ ქართველ მოსამართლესთან ჰქონდა შეხვედრა, რომლებიც ამბობენ, რომ დაინტერესებულნი არიან აშშ-ში მეტი ვიზიტით, მეტი ტრენინგით, მოსაზრებების მეტად გაცვლით, რადგან ძალიან სასარგებლოა, როდესაც მოსამართლეები ერთმანეთს უზიარებენ საუკეთესო პრაქტიკას.

"მქონდა პატივი შევხვედროდი ბევრ ქართველ მოსამართლეს სასამართლოს ყველა დონეზე ჩემი აქ ყოფნის განმავლობაში. მათ შორის არიან რეგიონის მოსამართლეები. მოვისმინე ყველა მათგანისგან აზრთა ურთიერთგაცვლის შესახებ აშშ-ში ვიზიტის დროს. არის ტრენინგები, ჩვენ ვკრებთ ამერიკელ მოსამართლეებს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის.

ძალიან სასარგებლოა, როდესაც მოსამართლეები იკრიბებიან და ერთმანეთს უზიარებენ, რა მუშაობს კარგად პროგრამაში, როგორ უმკლავდებიან განსხვავებულ გამოწვევებს. ეს ტრენინგები და ურთიერთგაცვლა ძალიან კარგად მიიღეს და დიდი წვლილი შეიტანა ქართული მართლმსაჯულების სისტემის მოდერნიზების ძალისხმევაში. ეს არის ის, რასაც აშშ წლების განმავლობაში აკეთებს. საქართველომ განიცადა მნიშვნელოვანი პროგრესი სასამართლოს ეფექტურობის და ფუნქციონირების კუთხით. ახლა საჭიროა ამ სამუშაოს გაგრძელება, ევროკავშირის მიერ დასახული 12 პრიორიტეტის შესრულება. ეს არის იგივე საქმე, რაც დიდი ხანია, საქართველოს დღის წესრიგშია. აშშ ძალიან ამაყობს შესაძლებლობით, რომ ეხმარება ქართველ მოსამართლეებს თავიანთ ძალისხმევაში, გააუმჯობესონ პროგრამების ეფექტურობა და ფუნქციონირება, რომ გადაწყვეტილებების მიღება დაფუძნებული იყოს მტკიცებულებებზე," - განაცხადა კელი დეგნანმა.

დღის ამბები