06 ოქტომბერი 2024,   17:52
ვრცლად
საფრანგეთის არჩევნებში უმრავლესობის მოპოვება ვერცერთმა პარტიამ ვერ შეძლო - ბოლო 40 წლის განმავლობაში, საფრანგეთის არჩევნებში ამ მასშტაბის აქტიურობა არ დაფიქსირებულა

მოლოდინი, რომ საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურიც, პირველის მსგავსად, ულტრამემარჯვენეების ტრიუმფით დასრულდებოდა, არ გამართლდა. გამარჯვება, ყველასთვის მოულოდნელად, მემარცხენეებმა იზეიმეს. არჩევნების შედეგებს პრესაში უკვე უწოდეს შოკი, ანალიტიკოსები კი საფრანგეთს პოლიტიკური არასტაბილურობის რამდენიმე წელს უწინასწარმეტყველებენ. თავად გამარჯვებული პარტიის ლიდერი, რომელმაც 577-ადგილიან პარლამენტში ხმათა თითქმის მესამედი მოიპოვა, მაკრონს დამარცხების აღიარებისკენ მოუწოდებს.

მემარცხენე "ახალი სახალხო ფრონტის" მოულოდნელმა გამარჯვებამ საფრანგეთში ევროს კურსის დაცემა გამოიწვია. მნიშვნელოვანი დანაკარგი აქვს მაკრონის პარტიასაც, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა. სავარაუდოდ, ქვეყნის ახალი პრემიერიც სხვა პოლიტიკური პარტიიდან იქნება, რაც მაკრონის ძალაუფლებას უფრო შეასუსტებს და ხელს შეუშლის საკვანძო მნიშვნელობის პოლიტიკის ფორმირებაში. დრამატული შედეგების გამო, წუხილი მაკრონის პარტიაში უკვე გამოთქვეს, პრემიერმა კი პოსტი დატოვა, თუმცა გაბრიელ ატალს საფრანგეთის პრეზიდენტმა სთხოვა, რომ წასვლისგან, დროებით, თავი შეიკავოს.
 
უკმაყოფილონი არიან არჩევნების შედეგებით ულტრამემარჯვენეებიც, თუმცა პარტიაში ოპტიმიზმს ინარჩუნებენ. "ჩვენმა მოგებამ დროებით გადაიწია" - აღნიშნეს მარინ ლე პენის "ეროვნული ერთობაში". ანალიტიკოსების შეფასებით, მათ ხმები რადიკალური პოლიტიკური პოზიციების გამო დაკარგეს.
 
ბოლო 40 წლის განმავლობაში, საფრანგეთის არჩევნებში ამ მასშტაბის აქტიურობა არ დაფიქსირებულა. შედეგების მიხედვით, ვერცერთმა პარტიამ უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო, რაც მთავრობის ფორმირებასაც ხელს შეუშლის. პრესა მომდევნო წლებში ქაოსსა და არასტაბილურობაზე წერს, რადგან, ამ მონაცემებით, პარლამენტი სამ დიდ ჯგუფად დაიყო, რომლებსაც ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული პოლიტიკა აქვთ. ამ ჯგუფებს არც ერთად მუშაობის ისტორია ჰქონიათ. შესაბამისად, თუკი მემარცხენე ძალები თანამშრომლობისთვის ვერ შეძლებენ სხვა პარტიებთან გაერთიანებას, პოლარიზებულ საფრანგეთს ეს მხოლოდ დააზარალებს.

არჩევნების შედეგების აღსანიშნავად, ფრანგები ქუჩაში გამოვიდნენ, თუმცა ზეიმი, მალევე, პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის გამოც სამართალდამცველებმა ათობით ადამიანი დააკავეს. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
 
ვადამდელი არჩევნები საფრანგეთში მაკრონმა, სამი წლით ადრე, მას შემდეგ დანიშნა, რაც მისმა პოლიტიკურმა ძალებმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს ევროპარლამენტის არჩევნებზე. ანალიტიკოსების შეფასებით, მაკრონის სარისკო ნაბიჯმა პრეზიდენტისთვის არასასურველი შედეგები მოიტანა.

დღის ამბები