06 ოქტომბერი 2024,   02:35
ვრცლად
საპატიო დერეფანი და 6-კილომეტრიანი მადლიერების ჯაჭვი მესხის სტადიონიდან თავისუფლების მოედნამდე - ეროვნულ ზეიმად ქცეული ისტორიული შედეგი

"მადლობა" - ეს არის სიტყვა, რომელიც, ალბათ, ამ კვირას ყველაზე მეტჯერ ითქვა. ქართველმა ხალხმა ეროვნულ ნაკრებს მადლობა პირადად გადაუხადა. 6-კილომეტრიანი გზა მიხეილ მესხის სტადიონიდან თავისუფლების მოედნამდე და საზეიმო 90 წუთი არა სტადიონზე, არამედ ქუჩაში - ზღაპრული ისტორია ზღაპრულად დედაქალაქში გაგრძელდა. 2 ივლისი ქვეყნისთვის საყოველთაო ბედნიერების დღედ იქცა.

როგორი იყო ფეხბურთელებთან შეხვედრით გახარებული გულშემატკივარი და წუთები, რომლებიც არავის არასდროს დაგვავიწყდება - სიხარულის ემოციებით, სილაღით, მადლიერების განცდით აეროპორტში შეკრებილი ბავშვები და მოქალაქეები დიდი შეხვედრის მანძილს სირბილით ამცირებდნენ.

ზოგი ბანერით, ზოგი დროშითა და ფორმით, ვიღაც ძირს და ვიღაც ხეზე, თუმცა აქ ყველა ერთი მიზნით დგას – ფერადი თავგადასავლისთვის, სამშობლოში დაბრუნებულ ეროვნულ ნაკრებს მადლობა უთხრას. ამ ნათქვამის ექო ყველა ქუჩას სწვდება, თუმცა აქვე,, ყველა თანხმდება, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, ნამდვილი ზეიმი კი საღამოსმ ქვეყნის მთავარ მოედანზე უნდა გაგრძელდეს.

გზას, რომელიც რთული იყო, ამარტივებდა ქომაგებით სავსე ტრიბუნები, იმ ქომაგებით ახლა თეთრ-წითელი ფერებით, რომ თბილისის ქუჩებში დამდგარან. სწორედ ამიტომ, მხარდაჭერისთვის მათთვის მადლობის თქმას თავად ფეხბურთელებიც აპირებენ. იმის მიუხედავად, რომ შეხვედრის დროდ საღამოს 20:30 საათი სახელდება, ამ ზღაპრის მთავარი გმირები დროს 2 საათით ასწრებენ და შეკრებას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იწყებენ.

სამახსოვრო ფოტოები, ავტოგრაფები და ბევრი მადლობა - გულშემატკივრების გარეშე არც ეს წუთები რჩება. ნაკრების ამ დღის ყველაზე პუნქტუალური წევრი კი ევროპიდან ჩამოტანილ და ქვეყანაში მიღებულ ემოციებს "კურიერი P.S.-ს" უზიარებს.

"ძალიან მაგარი იყო, ეს ხალხი რომ დაგვხვდა. ვფიქრობთ, მაგარი სურათი იყო. იწევს თამასა და ჩვენი მიზანია, ისე გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მომავალში კიდევ უფრო კარგი შედეგი გვქონდეს, რაც ხალხს უნდა," - ამბობს ნაკრების ფეხბურთელი, ანზორ მექვაბიშვილი.

26 მარტის მსგავსად, ესეც ის დღეა, ჯებირები რომ ბარიერი არავისთვისაა. საკუთარ კუმირთან შეხვედრას ბავშვები დილიდან ელოდებიან და აი, მათი საყვარელი ფეხბურთელიც მოდის. ისე, როგორც სხვები, ჩვენი 7 ნომერიც ემოციებს გვიზიარებს და გულშემატკივრებს ავტოგრაფს სამახსოვროდ მაისურებზე, ფურცლებსა და ბურთებზე უტოვებს.

ხვიჩა კვარაცხელია ადგილზეა და ადგილზეა მისი განუყრელი მეგობარიც. ზურიკო დავითაშვილს ემოციები ბავშვობას ახსნებს. წარსულის ეს მოგონებები კი სხვებისთვის, ალბათ, მომავალში მაგალითი იქნება, როგორ ვაქციოთ მიზანი რეალობად.

მიზნამდე მისასვლელ გზაზე რომ ხელი არაფერმა უნდა შეგვიშალოს, ამის კიდევ ერთ მაგალითად გიორგი ჩაკვეტაძე გამოგვადგება. ჩაკვეტაძე, ესპანეთთან დაპირისპირებისას, მოედანზე სიცხიანი თამაშობდა

მონდომებასთან ერთად, რწმენა და თავდაჯერებაც რომ აუცილებელია, ეს ამ სივრცეში ამ დღეს ბევრჯერ ითქვა. ოთარ კიტეიშვილი პირობას დებს, რომ გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე არავინ გაჩერდება.

საფეხბურთო კომპასი და ფეხბურთელებით სავსე ღია ავტობუსი გეზს თავისუფლების მოედნისკენ იღებს.

6-კილომეტრიანი გზა, რომელსაც ბოლო არ უჩანს და, ალბათ, ამ სიხარულის დამთავრება არც არავის უნდა. ჭადრების რიგში გახვეული ქომაგები, შეძახილები, ნასროლი და უკან დაბრუნებული მასურები, სიმღერა, ცრემლად ნაქცევი ემოციები, მანქანების კოლონები, ფეხით მოსიარულეები, ამღერებული და სიამაყით სავსე ფეხბურთელები - თბილისს ამ დღეს არაფერი უკვირდა, თუმცა მაინც გავოცდით.

საათის ისრები კანონზომიერად მოძრაობენ, დათქმულ დროს შეხვედრა იგვიანებს, ახლა სცენაც ისე ელის ამ ბიჭებს, როგორც პატარა ბავშვები აეროპორტში რომ იცდიდნენ, თუმცა გულშემატკივარს მათი გაშვება არც ხალხით სავსე ტალღებიდან სურს. და მაინც, სცენის ჯერი დგება...

თამაშის ამ წესებს გულშემატკივარი სიხარულით ჰყვება. ბევრი გიორგი, ორი ოთარი, ერთი ბუდუ, ერთი ხვიჩა, ზურიკო, ლუკა, კაპიტანი და ასე ყველა, ისე, როგორც მოედანზე, ახლა სცენაზე გამოდის...

ამბობენ მადლობას, და უსიტყვოდაც, მადლიერება მათ ემოციებშიც იგრძნობა. სანამ ამ სცენასაც ხალხის ტალღა დაფარავს, ეროვნული ნაკრების წევრები კიდევ ერთ და საპასუხისმგებლო ჯილდოს იღებენ - ფეხბურთელები ღირსების მედლებით ჯილდოვდებიან.

ზეიმი ამით არ სრულდება - არქივს შემორჩება ფეხბურთელების სხვა სივრცეში ნამღერიც, სიხარულის ემოციებიც და ცეკვაც.

 

ავტორი: იზი ბურნაძე

 

დღის ამბები