06 ოქტომბერი 2024,   18:56
ვრცლად
"ნევროზი ყოველთვის ბავშვობასთან არის დაკავშირებული" - ფსიქოთერაპევტი ნევროზის მიზეზებზე, სიმპტომებსა და ფორმებზე საუბრობს

"ნევროზი მაქვს" - ეს ფრაზა მეგობრებისგან, თანამშრომლებისგან თუ ოჯახის წევრებისგან ერთხელ მაინც ყველას მოგვისმენია. ყოველდღიურ მეტყველებაში ამ სიტყვის დამკვიდრება კარგია, რადგანაც ცნობიერების ამაღლებას უწყობს მეტ-ნაკლებად ხელს, თუმც, ამავდროულად, სარისკოც არის, რადგან იმდენად ხშირად ვსაუბრობთ ნევროზზე, რომ თითქოს აღარ ვუკვირდებით, რამდენად სერიოზული და ყურადსაღები მდგომარეობაა.

ნევროზს - უფრო ზუსტად, ნევროტული რეგისტრის აშლილობებს, მრავალი გამოვლინება აქვს - მიზეზებზე, სიმპტომებსა და ფორმებზე ფსიქოთერაპევტმა, ფსიქოანალიზისა და ფსიქოპათოლოგიის დოქტორმა გიგა მამინაშვილმა ისაუბრა "რუსთავი 2-ის" ეთერში.

"როდესაც ვლაპარაკობთ ნევროზზე, უნდა ვთქვათ, რომ ეს არის დიდი, ფართო ნოზოგრაფია, რომელიც შეიცავს სამ ძირითად ნევროზს - ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, ფობია და ისტერიული ნევროზი. მაგრამ, ეს უფრო დიდია, ვიდრე კლინიკური ერთეული, რადგან როდესაც ჩვენ ვამბობთ, თუ რა არის ნევროზი, ეს კითხვა უდრის კითხვას, თუ რა არის ფსიქოანალიზი.

ნევროზის მიზეზი არის ის, რომ ადამიანი იბადება ენობრივ, კულტურულ გარემოში, სადაც ის აღზრდის პირველი ეტაპიდანვე აწყდება გარკვეული აკრძალვების სისტემას და მისი ლტოლვითი, ინსტინქტუალური ტენდენციები, როგორიც არის სექსუალური და დესტრუქციული ტენდენციები, ფუნდამენტურ აკრძალვას აწყდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ნევროზი უკვე, ე.ი. ნევროტული სუბიექტი გულისხმობს კონფლიქტის სუბიექტს, შიდა ფსიქიკურ კონფლიქტს, გარკვეულ ასოციალურ, არაცნობიერ, ირაციონალურ ტენდენციებს და კულტურისა და გარემოს მოთხოვნებს შორის. ეს არის ნორმალური და, მადლობა ღმერთს, რომ ეს ასეა, მაგრამ არსებობს მდგომარეობები რაოდენობრივი გაგებით, როდესაც ეს შიდა ფსიქიკური კონფლიქტი ხდება აბსოლუტურად გაუსაძლისი სუბიექტისთვის, რის გამოც ნევროტული სტრუქტურა, რადგან ნევროტულ სტრუქტურას შეუძლია სიმბოლიზაცია და მეტაფორიზაცია, ბადებს ე.წ. ფსიქონევროტულ სიმპტომს. ფსიქონევროტული სიმპტომი არის კომპრომისი ამ დაპირისპირებულ ძალებს შორის. ეს სიმპტომი არ არის სიმპტომი ამ სიტყვის სამედიცინო გაგებით, არამედ სიმპტომი ფსიქოანალიტიკური გაგებით, რომელიც საჭიროებს ანალიზს, დაშლასა და დეკონსტრუქციას, რომ გავიგოთ, რა კონფლიქტი იმალება სიმპტომის უკან.

გარკვეული თვალსაზრისით, ყველა არის ნევროტიკი სტრუქტურის დონეზე, ან ყველამ შეიძლება განიცადოს ნევროტიზაცია, როდესაც ამა თუ იმ, გარე თუ შიდა მოვლენების კვალობაზე, შიდა ფსიქიკური კონფლიქტი აღწევს გარკვეულ ზღვარს.

ნევროზი ყოველთვის დაკავშირებულია ბავშვობასთან. ნევროზის აღმოჩენა ფროიდისთვის ნიშნავდა ბავშვობის პერიოდის მნიშვნელობის აღმოჩენას, ინფანტილური მცნების, რადგან ყველა ნევროტიკი არის ინფანტილური, ყველა ჩვენგანში არის რაღაც ბავშვური და ამავე დროს - ინფანტილური სექსუალობის აღმოჩენასთან. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ჭეშმარიტ ნევროზზე და არა ამ სიტყვის პროფანაციაზე, ყოველთვის, საქმე გვაქვს პრობლემასთან, რომელიც სუბიექტს საკუთარ სექსუალობასთან უჩნდება და ეს პრობლემა, ყველა კულტურის სუბიექტს უჩნდება საკუთარ სექსუალობასთან.

რაც შეეხება სიმპტომებს, კლინიკას თუ შევეხებით, ნევროტიკი არის ქრონიკულად ბრალის გრძნობის სუბიექტი. ეს არის სუბიექტი, რომელიც მუდმივად დამნაშავეა, მუდმივად ბოდიშს იხდის და მუდმივად იმყოფება გადაუხდელი სიმბოლური ვალის ქრონიკული გადახდისა და მონანიების პროცესში. ამიტომ, ნევროტიკის კარგი თავშესაფარი არის ყველა გაერთიანება, რომელიც მას შესაძლებლობას მისცემს, მოინანიოს და რომელიც მას დასჯის კიდეც, ამ სიტყვის სიმბოლური, რიტუალური, პროცედურული გაგებით.

ნევროტიკი არ არის არავითარი მსხვერპლი, პირიქით, ხშირ შემთხვევაში, შეიძლება, მისი ოჯახის წევრები უფრო იყვნენ მსხვერპლნი.

მას აქვს განცდა, რომ მას ეკუთვნის უფრო მეტი, ვიდრე აქვს და, გარკვეული თვალსაზრისით, ამაში ის შეიძლება მართალი იყოს, რადგანაც ნევროტიკი არის ის, ნევროზში ერთ-ერთი წამყვანი სიმპტომი არის მორალური მაზოხიზმი, ვინც თავის ცხოვრებას განაპირობებს ისე, რომ მიიღოს ყველაზე ნაკლები და ამით ჰქონდეს უსამართლობის გრძნობა. ნევროზის ფსიქოპათოგენიაში იღებს მონაწილეობას ისეთი ინსტანცია, რომელსაც ჰქვია სუპერ ეგო, ან ზე-მე, რომელიც არის სადამსჯელო ინსტანცია, ბრალის გრძნობის და ა.შ. სიმპტომები არის იგივე, რაც აქვს ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობას, ისტერიულ ნევროზს.

ნევროზს, ცხადია, აქვს სხეულებრივი გამოვლინებებიც. სხეული არის ინვესტიციის ადგილი, როდესაც ფროიდი ლაპარაკობს ნევროზზე, ის ლაპარაკობს ლიბიდოზე. ლიბიდოს ადგილი არის სხეული და სხეულის ეროგენული ზონები - ის ძირითადი ეროგენული ზონები, რომლითაც სუბიექტი გარე სამყაროსთან ურთიერთობდა დაბადების მომენტიდან და, აქედან გამომდინარე, როდესაც, ნევროზის დროს, ჩვენ ლიბიდოს ნორმალური ცირკულაციის დარღვევასთან გვაქვს საქმე; როდესაც სუბიექტს არ შეუძლია გარე ინტერესების ინვესტიცია ლიბიდინალურად, ცხადია, ეს ლიბიდო ნახულობს განტვირთვის საკუთარ ნევროტულსა და, ხშირ შემთხვევაში, განსაკუთრებით ისტერიული ნევროზის დროს, ნახულობს "სხეულებრივ გამოვლინებებს“, ახდენს ინერვაციას წმინდად ფსიქოგენური თვალსაზრისით - ზოგიერთი სხეულის ნაწილის, ორგანოს და ა.შ.," - აცხადებს გიგა მამინაშვილი.

დღის ამბები