06 ოქტომბერი 2024,   17:47
ვრცლად
შეერთებული შტატების პრეზიდენტს რთული კვირა ელოდება - დემოკრატები შიშობენ, რომ ჯო ბაიდენის საარჩევნო მარათონში დარჩენა უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება

შეერთებული შტატების პრეზიდენტს რთული კვირა ელოდება. ჯერ კიდევ კონგრესის სასესიო კვირამდე დაიწყეს პრეზიდენტის პარტიის წევრებმა ქვედა პალატაში მოწოდება, რომ ჯო ბაიდენმა საარჩევნო კამპანია მიატოვოს და კანდიდატის ადგილი დათმოს. კვირას, ონლაინშეხვედრის დროს, რამდენიმე დემოკრატმა ეს მოთხოვნა ქვედა პალატის უმცირესობის ლიდერს გაუზიარა. ბაიდენზე ზეწოლა კანდიდატების სატელევიზიო დებატების შემდეგ დაიწყო, რომელზეც პრეზიდენტს სუსტი გამოსვლა ჰქონდა.

დემოკრატები შიშობენ, რომ ბაიდენის საარჩევნო მარათონში დარჩენა უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება და ვერც კონგრესში უზრუნველყოფს დემოკრატების უმრავლესობას.

პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის ეფექტურობა დააყენა ეჭვქვეშ დევიდ აქსელორდმაც, რომელიც ბარაკ ობამას საპრეზიდენტო კამპანიის მთავარი საარჩევნო სტრატეგი იყო. აქსელორდი დებატების შემდეგ ჩატარებულ გამოკითხვებში ბაიდენის გაუარესებულ პოზიციას უსვამს ხაზს.

დემოკრატიულ პარტიას გაუჭირდება 81 წლის პრეზიდენტის დარწმუნება, კამპანია მიატოვოს, რადგან ბაიდენს სჯერა, რომ ნოემბრის არჩევნებზე ტრამპს ისევ დაამარცხებს. პენსილვანიელ ამომრჩევლებთან შაბათ-კვირას გამართულ შეხვედრებზე, ის თავისი ასაკის შესახებ ხუმრობდა და ცდილობდა, მის კანდიდატურასთან დაკავშირებით, დემოკრატების წუხილი შეემსუბუქებინა.

რამდენიმე კონგრესმენის პოზიცია, კანდიდატის გამოსაცვლელად, გადამწყვეტი არ არის. მით უმეტეს, ქვედა პალატაში ბაიდენს დამცველებიც ჰყავს და ეს საკითხი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პარტიის სხვა წევრებზეც, მათ შორის - სენატში. პრეზიდენტის ახლო მოკავშირე კრის მერფი აღიარებს, რომ ეს კვირა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება და ბაიდენმა უნდა შეძლოს ამომრჩევლის დარწმუნება, რომ შემდეგი 4 წლის მანძილზეც ისევე შეუძლია მართვა, როგორც პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს. გავლენიანმა დემოკრატმა სენატორმა თქვა, რომ, თუ ბაიდენი ამას ვერ მოახერხებს, მას ქვეყნისა და პარტიისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.

 

დღის ამბები