რამდენიმე წუთში სააპელაციო სასამართლო ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს. საუბარია "რუსთავი 2-ის" ქონების გაფლანგვის ბრალდებაზე, რომლის ფარგლებშიც, გვარამიას პირველმა ინსტანციამ 3 წლით და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. კახაბერ დამენიას 50 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ზურაბ იაშვილი კი გამართლდა.
ნიკა გვარამიას, საპატიმრო სასჯელი ე.წ. პორშეს ეპიზოდზე განესაზღვრა. მას ბრალდება ტელეკომპანიის საკუთრების პირადი მიზნით გამოყენებას ედავება.
შეიცვლება თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება - ზემდგომი ინსტანციის, მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტს.
მოლოდინებთან დაკავშირებით ისაუბრეს ნიკა გვარამიას ოჯახის წევრებმა და პოლიტიკოსებმა
"მოლოდინი კონკრეტული არაფრის არ მაქვს, ველოდები ყველაფერს და ასევე ველოდები არაფერს და მაინტერესებს ისტორიის რომელ მხარეს დადგებიან მოსამართლეები. თუ ისინი, როგორც ნიკამ ურჩია, თავის სინდისს მოუსმენენ, მგონია, რომ ნიკა უნდა გაათავისუფლონ დღეს, ნიკამ აღნიშნა, რომ ის თავისუფლებას კი არ ეძებს, ეძებს სამართალს. მხოლოდ წინ საბოლოო გამარჯვებამდე," - აცხადებს ნიკა გვარამიას მეუღლე სოფო ლილუაშვილი.
ნეგატიური მოლოდინები აქვს "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერს,
"იმის გამო, რომ ამ ხელისუფლების ბუნებაა ისეთი, რომ თუ რამე ძალა არ არსებობს მეორე მხარეს, რომელიც მათ რაღაცას ათმობინებს, ისინი არაფერს არ თმობენ, პირიქით.
იმის გამო, რომ ახლა მეორე მხარეს არ არსებობს რაიმე ანგარიშგასაწევი ძალა, მაქვს ნეგატიური მოლოდინები," - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.