03 თებერვალი 2023,   20:03
ვრცლად
ჩანაწერი არსებობს, სადაც ჩანს სავარაუდოდ როგორ მიემართებიან დამნაშავეები მონასტრისკენ  - ცხრამუხაში მომხდარი დანაშაულის საქმის პროკურორი

ყაჩაღობისა და მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულების სასამართლო სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. პროცესი დაიხურა - მსჯელობენ აღკვეთის ღონისძიებაზე, პროკურატურა პატიმრობას ითხოვს. რაც შეეხება დაკავებულებს, ისინი წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებას იყენებენ. ბრალდებულებს 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ამასთან, სახელმწიფო ბრალმდებელი აცხადებს, რომ საქმეში ყველაზე მყარი მტკიცებულება არის თავად დაზარალებულის ჩვენება. 

როგორც დავით ყაზარაშვილი ამბობს, არსებობს ჩანაწერები სადაც, ნათლად ჩანს, თუ როგორ მიემართებიან სავარაუდო დამნაშავები დანაშაულის ადგილისკენ.

"პირველი და ყველაზე მყარი მტკიცებულება არის უშუალოდ დაზარალებულის ჩვენება, რომელიც დეტალურად აღწერს მომხდარ ფაქტს. სწორედ დაზარალებულის ჩვენებას ემყარება ბრალდებაც. რაც შეეხება სხვა მტკიცებულებებს, ამ ეტაპზე, როგორც ვიცით დაზარალებულს წაართვეს მობილური ტელეფონი. ეს მობილური აღმოჩენილი იქნა სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერების დროს. ასევე მიმდინარეობს მტკიცებულებების ფიქსაცია და მოგროვება.

არსებობს ჩანაწერები სადაც, სავარაუდოდ ფიქსირდებიან, თუ როგორ მიემართებიან ეს ადამიანები დანაშაულის ადგილზე. ძალიან მძიმე დანაშაულია და მძიმე ჩვენება, რომელიც ჩვენ დაზარალებულისგან მივიღეთ. ამ ჩვენებიდან ჩანს ზუსტად, რომ ეს ადამიანები შეთანხმებულად, ჯგუფურად, ერთმანეთის ხელშეწყობით მოქმედებდნენ ყველა ეპიზოდში. 100-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებაა ამ დროისთვის ჩატარებული, გრძელდება ეს ღონისძიებები- ახლაც მიმდინარეობს ადვოკატისთვის მტკიცებულებების გადაცემა და დაინიშნება ექსპერტიზები. ამ ეტაპზე პირდაპირი და უშუალო დაზარალებულის ჩვენება გაქვს, ყველაზე მყარი,"-აცხადებს დავით ყაზარაშვილი.

ცნობისთვის, ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში, 25 ნოემბერს, ორი პირი შეიჭრა. ისინი მონაზონს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სამართალდამცავებმა წარსულში ნასამართლევი, 27 და 39 წლის მამაკაცები დააკავეს. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

დღის ამბები