26 აპრილი 2024,   07:30
ვრცლად
თუ იქნება ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკური ნება, უფრო ადვილად შეიძლება ერთ კანდიდატზე შეჯერება - არჩილ თალაკვაძე ომბუდსმენობის კანდიდატებზე  

სახალხო დამცველთან დაკავშირებით კონსულტაციები პარლამენტში გრძელდება. საერთო კანდიდატზე შესათანხმებლად მხარეებს მაქსიმუმ ორი კვირა რჩებათ. უმრავლესობაც და ოპოზიციაც ადასტურებს, რომ საუბარი მიდის სახალხო დამცველობის რვა კანდიდატზე - მათ შორის არიან ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და იაგო ხვიჩია. კენჭისყრა საკანონმდებლო ორგანოში მომავალ სასესიო კვირას იგეგმება.

პარტიის ”საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ არ აქვს მოლოდინი, რომ "ქართული ოცნება" მზად არის სახალხო დამცველის თანამდებობაზე აირჩიოს პირი, რომელიც მისგან სრულად დამოუკიდებელი იქნება.

"ნამდვილად არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ ქართული ოცნება მზად არის, სახალხო დამცველის თანამდებობაზე აირჩიოს პირი, რომელიც იქნება მისგან სრულად დამოუკიდებელი და არ იქნება მისი, პოლიტიკური თუნდაც  ირიბი გავლენების ქვეშ. ჩვენი გუნდისთვის ამოსავალი არის ორი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი. პირველი, ეს არის კომპეტენცია, პროფესიული გამოცდილება და რაც შეეხება მეორე მნიშვნელოვან კომპონენტს, ჩვენთვის არის დამოუკიდებლობის მაქსიმალურად მაღალი ხარისხი,“ - აცხადებს აბა ბუჩუკური.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ ახლა პროცესი საინტერესო ფაზაში გადავიდა, რადგან მიმდინარეობს ერთმანეთის პოზიციების შეთანხმება. 

"საინტერესო პროცესია, იმიტომ რომ ვარკვევთ ერთმანეთის პოზიციებს, რაც მანამდე არ მომხდარა. მე მივიჩნევ, რომ ყველაზე დიდი შანსი კონსესუსი თუ გვინდა და ფართო შეთანხმება თუ გვინდა, იაგო ხვიჩიას აქვს, მაგრამ ჯერჯერობით, გაურკვეველია, რას შესთავაზებენ ერთმანეთს ქართლი ოცნება და ნაციონალური მოძრობა ისეთს, რომ შეიცვალონ პოზიცია. თუ პოლიტიკური ვაჭრობის პროცესი შედგება, შეიძლება სხვა კანდიდატიც იყოს არჩეული." - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

განცხადება ამავე თემაზე გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ, რომელიც ამბობს, რომ თუ იქნება ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკური ნება, უფრო ადვილად შეიძლება ერთ კანდიდატზე შეჯერება.

"პირველი შედეგი გახლავთ ის, რომ კანდიდატთა წრე, რომელზეც პარტიები განვაგრძობთ მსჯელობას, შემცირდა, შესაბამისად, თუ იქნება ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკური ნება, უფრო ადვილად შეიძლება ერთ კანდიდატზე შეჯერება. ველით ოპოზიციიდან იმ ადამიანის დასახელებას, ვისზეც ოპოზიციური მხარდაჭერა იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენი მხარდაჭერის და შეთანხმების შემთხვევაში, ავირჩიოთ ახალი ომბუდსმენი,“ - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

დღის ამბები