26 აპრილი 2024,   05:26
ვრცლად
"სულ დადიოდა პოლიცია, სასწრაფო... რა დაემართა ამ ბიჭს არ ვიცი, რამ გააგიჟა" - რას აცხადებენ ადგილობრივები წალენჯიხაში, სადაც შვილმა მამას სასიკვდილოდ სცემა

შვილმა მამა ცემით მოკლა. შემთხვევა წალენჯიხის სოფელ მუჟავაში მოხდა. "კურიერმა" მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები გაარკვია. "კურიერის" ინფორმაციით, მამაკაცმა, მას შემდეგ, რაც მამას სცემა, დარეკა სასწრაფოში, თქვა რომ მამამისი წაიქცა. ის, არსებული ინფორმაციით, დანაშაულს არ აღიარებს. 

დანაშაულს თვითმხილველი ჰყავს - დედა, თუმცა ოჯახის წევრები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.

"კურიერი" ადგილობრივებს ესაუბრა. მეზობლები ამბობენ, რომ ოჯახში კონფლიქტი ხშირად ხდებოდა. შვილს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი და მამაზე ძალადობის გამო სასჯელსაც იხდიდა.

"ზოგი ამბობს, კიბიდან ჩამოვარდაო, ზოგი ამბობს შვილმა სცემაო... პატიოსანი კაცი იყო, პატიოსანი ოჯახი ჰყავდათ. ბევრი შვილის გამზრდელი დედ-მამა იყო და რა დაემართა ამ ბიჭს არ ვიცი, რამ გააგიჟა," - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

"მამამ უჩივლა შვილს, მერე საჩივარი გამოატანინეს. რატომ გამოიტანა არ ვიცი. მცემსო, ამის გამო უჩივლა. [შვილი] იჯდა თანაც, რავიცი ერთი წელი მგონი..." - ამბობს ერთ-ერთ ადგილობრივი.

"სულ დადიოდა პოლიცია, სასწრაფო, ცუდი მდგომარეობა არისო იქ ამბობდნენ..." - აცხადებს ერთ-ერთი მცხოვრები "კურიერთან".

ცნობისთვის, წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში 35 წლამდე მამაკაცმა მამას სასიკვდილოდ სცემა. კაცი სხვადასხვა დაზიანებებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. 35 წლამდე მამაკაცს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. სამართალდამცავებმა ის უკვე დააკავეს. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ სხეულის მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დაკავებულს მამაკაცს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

დღის ამბები