19 მაისი 2024,   11:59
ვრცლად
ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი იწყება, მოწმის სახით იგეგმება ქართველი ექსპერტებისა და ექიმების გამოკითხვა​

ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი იწყება. მოწმის სახით იგეგმება ქართველი ექსპერტებისა და ექიმების გამოკითხვა. დაიკითხება უცხოელი ნევროლოგიც. ადვოკატები წარდგებიან შუამდგომლობით სხდომები ყოველდღიურ რეჟიმში გაიმართოს. ცნობილია, რომ პროცესს მიხეილ სააკაშვილი ვერც დისტანციურ რეჟიმში ჩაერთვება. მიზეზად მისი დაცვის მხარე ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, სხდომაზე ექსპერტი ლახანია ისაუბრებს მიხეილ სააკაშვილის დემენციის დიაგნოზზე და სხვა დიაგნოზებზე, რომლებიც მაქვს დასკვნაში აქვს აღწერილი.

"ბატონი ლახანია გახლავთ უმნიშვნელოვანესი ექსპერტი ამ საქმეში, ნევროლოგი გახლავთ და ის ისაუბრებს დემენციის დიაგნოზზე და იმ სხვა მძიმე დიაგნოზებზე, რომლებიც მას თავის დასკვნაში აქვს აღწერილი. გარდა ამისა, პასუხი გაეცემა წინა სასამართლო პროცესზე მოწინააღმდეგე მხარის მიერ წამოყენებულ საკითხს, თითქოსდა საქმეში არ არსებობს თურმე გულყრის ეპიზოდები და არ არსებობს კომპიუტერული ტომოგრაფიები თავის ტვინის ნივთიერების შემცირებასთან დაკავშირებით. გახსოვთ, პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა თქვა ვამხილეთ ტყუილშიო და აი ვამხელთ ახლა ტყუილში, დოკუმენტების მიხედვით, გვერდების მითითებით, ჩვენი ექსპერტების ჩაწერილი კი არ არის, თავად პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ განხორციელებული ჩანაწერები არსებობს. თუ მოესწრება დღეს ლახანიას დაკითხვა და დრო იქნება, მისი დაკითხვის შემდეგ დაიკითხება ბატონი კობი და ბატონი ფინკელი, გასტროენტეროლოგი," - აცხადებს ხაჭაპურიძე.

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იქამდე გაუარესდება, სანამ მის ორგანიზმშია მძიმე მეტალები.

"ცოტა უფრო იმედიანი მეჩვენა, იმიტომ რომ აი, ამ სასამართლოს ელოდება. მისი ჯანმრთელობა ყოველდღე გაუარესდება და ღმერთმა ნუ ქნას შეიძლება ძალიან ცუდად დამთავრდეს, ვიდრე მის ორგანიზმში არის მძიმე მეტალები, მათი გამოყვანა ორგანიზმიდან აუცილებელია. ყველას მიეზღვება, ვინც მიიღო ჩემი შვილის მოწამვლაში, უკანონო პატიმრობაში მონაწილეობა," - თქვა ალასანიამ.

დღის ამბები