17 მაისი 2024,   05:54
ვრცლად
სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან - დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები და ელექტროგადამცემი ხაზები

უამინდობის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა სენაკში - მიკროავტობუსს ხე დაეცა. ძლიერ ქარსა და მის შედეგებს ებრძვიან ხობსა და ზუგდიდშიც. სპეციალური კომისიები ზარალს ითვლიან. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები და ელექტროგადამცემი ხაზები. საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა ფოთში.

გაიწერა კონკრეტული გეგმა. ქალაქში ძლიერი ქარის გამო წაქცეულია მრავალწლოვანი ხეები და ელექტრო გადამცემი ბოძები, რამაც ზოგიერთი მიმართულებით გადაადგილების პრობლემა შექმნა. ქალაქის ნაწილს ამ დრომდე არ აქვს ელექტროენერგია.

"რეგიონის მასშტაბით 600-მდე საცხოვრებელი სახლი, რომელთაგანაც ნაწილობრივ ან ზოგ შემთხვევაში მთლიანად ახდილი აქვს სახურავი. აქედან 30 არის საცხოვრებელი კორპუსი, დანარჩენი კერძო სახლებია. არის შემთხვევები მანქანების დაზიანების. „ენერგო პრო ჯორჯიას“ დამატებითი ჯგუფები აქვს შექმნილი, აღმოსავლეთ საქართველოდან დაიხმარეს ჯგუფები , რომელიც გადანაწილდა 4 მუნიციპალიტეტზე: სენაკი, ფოთი, ზუგდიდი და ხობი. ისინიც მაქსიმალურად არიან ჩართული სამუშაოებში.

ჩვენ მერებთან შეკრება გვქონდა, რომ 3 საჯარო სკოლას ახადა სახურავი, მოგვდის არასასიამოვნო ფაქტებზე ინფორმაცია ხობიდან. ზარალზე ჯერჯერობით ვერ ვიტყვით  თუ რა იქნება," - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ.

დღის ამბები