საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთში, ალბანეთსა და ბოსნია და ჰერცეგოვინაში, გიორგი ჯანჯღავა "ღამის კურიერის" ეთერში თურქეთში მომხდარ მასშტაბურ მიწისძვრასთან დაკავშირებით ბოლო მონაცემებზე საუბრობს.
გიორგი ჯანჯღავას განმარტებით, საქართველოს საელჩოში შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს.
ელჩის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, ნანგრევებში რჩება საქართველოს 2 მოქალაქე, რომელთაც ამ დრომდე ეძებენ.
"მთავრობისა და სამინისტროს დავალებით ჩვენ შევქმენით საგანგებო შტაბი, ვმუშაობთ 24 საათიან რეჟიმში. შტაბი საელჩოშია განლაგებული, წარმოგიდგენიათ რამხელა ზარალი მიადგა თურქეთს და რა პრობლემების წინაშე დავდექით. ორივე გენერალურ საკონსულოსთან ვართ კოორდინაციაში, ვცდილობთ მაქსიმალურად დავადგინოთ ჩვენი მოქალაქეების ადგილსამყოფელი, რაც ყველაზე სამწუხაროა, გარდაცვლილ მოქალაქეებთან მიმართებაში უკვე შემდგომში ქმედებები განვახორციელოთ, ჩავერთოთ ჩვენი მოქალაქეების გადმოსვენებაში, მაგრამ ამასთან დავძენდი, რომ ჩვენ გვყავდა 2 მოქალაქე გარდაცვლილი, დღეს მესამე დადასტურდა. მართალია, ეს დასტური მხოლოდ არის ოჯახიდან მიღებული ინფორმაცია, პროზექტურაში არც ერთი არ არის გადაყვანილი.
100-ზე მეტი მოქალაქის ადგილსამყოფელი, ვინც დაკარგული იყო, დავადგინეთ, იყო პრობლემატური მოქალაქეებიც და ახლა რჩება 2 მოქალაქე, რომელიც არის ნანგრევებში. ყოველწუთიერად იცვლება მონაცემები, ჩვენ შემოგვდის ასეულობით ზარი, ათასზე მეტი ზარი შემოვიდა.
პირველივე დღიდან დავაანონსეთ და სამინისტროსთან კოორდინაციაში ვაკეთებთ ამას, რომ რაც უფრო მეტ ინფორმაციას ფლობ, უფრო მეტი ქმედითუნარიანობა გაგვაჩნია ჩვენ გამომდინარე იქიდან, რომ ვცდილობთ მაქსიმალურად გავაადვილოთ მოქალაქეებთან კომუნიკაცია," - განაცხადა ელჩმა "ღამის კურიერის" ეთერში.