03 მაისი 2024,   22:00
ვრცლად
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 2022 წლის საქმიანობა შეაჯამა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 2022 წლის საქმიანობა შეაჯამა. უკვე შესრულებულ პროექტებთან ერთად, ღონისძიებაზე, სამომავლო გეგმებიც განიხილეს.

პრეზენტაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ესწრებოდა. სააგენტოს ანგარიში მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა გახსნა. მისი განცხადებით, 2022 წელს, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, ახალი საცხოვრებელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 3 530 დევნილ ოჯახს გადაეცა. 2023 წლიდან კი, მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები 5 ქალაქში - თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავსა და ბორჯომში დაიწყება.

იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლებისა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიმართულებით შესრულებული სამუშაოები, ღონისძიებაზე, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ირაკლი მხეიძემ წარადგინა. მისი განცხადებით, 2022 წელს, პროგრამა "სოფლად სახლის" ფარგლებში, 2 588 ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადაეცა. დასაქმებისა და შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით კი, სააგენტომ, იძულებით გადაადგილებული 500-ზე მეტი პირი დააფინანსა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ირაკლი მხეიძის თქმით, მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში, ახალი საცხოვრებელი ფართით იძულებით გადაადგილებული 13 000 ოჯახი დაკმაყოფილდება - ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 7000 ოჯახს გადაეცემა, „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში კი 6000 დევნილი ოჯახი განსახლდება, რის შედეგადაც მძიმე პირობებში არცერთი დევნილი ოჯახი აღარ იცხოვრებს.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

დღის ამბები