30 აპრილი 2024,   20:59
ვრცლად
რატომ უნდა აიკრძალოს მოწევა ავტომობილში ბავშვის თანდასწრებით - ზაზა თელიას რეკომენდაცია

რეალურია თუ არა ე.წ. მეორადი მოწევის საფრთხე ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისა და მოზრდილებისთვის - დასავლურ სამედიცინო გამოცემებს თუ დავეყრდნობით, არ არსებობს სიგარეტის მეორადი მოწევის (SHS) ზემოქმედების უსაფრთხო დონე. მოზრდილებში, რომლებიც არ ეწევიან, მეორადი კვამლის ზემოქმედებამ შეიძლება გულის კორონარული დაავადება, ინსულტი, ფილტვის კიბო და სხვა დაავადებები გამოიწვიოს.

ამასთან, ბავშვებში მეორადი კვამლის ზემოქმედება იწვევს რესპირატორულ ინფექციებს, ასევე ყურის ინფექციას და ასთმას.

1964 წლიდან მოყოლებული, დაახლოებით 2,500,000 ადამიანი, რომლებიც არ ეწეოდნენ,  მეორადი კვამლის ზემოქმედებით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემებით გარდაიცვალა. მეორადი მოწევის ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე მყისიერია - ამტკიცებენ სპეციალისტები.

საკითხის სიმწვავეზე საუბრობს დერმატო-ვენეროლოგიც. ზაზა თელია პასიური მწეველის დაავადების კატასტროფულ სტატისტიკაზე საუბრობს და განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნავს ამ საფრთხეს ავტომობილებში, როდესაც მანქანაში მყოფი თუნდაც ერთი ადამიანი ეწევა, რა საფრთხეს უქმნის ამით მასთან ერთად მსხდომთ, განსაკუთრებით თუ ეს მცირეწლოვანია. 

ზაზა თელიას თქმით, ხშირად ხვდება ისეთ ფაქტს, სადაც მშობლები მანქანაში ბავშვებთან ერთად ეწევიან სიგარეტს. ექიმი იმასაც აღნიშნავს, რომ ბავშვის არჩევნის თავისუფლება ამ მომენტში განწირულია. 

"პასიური მოწევა - SHS (Secondhand Smoke) - კატასტროფული სტატისტიკა

2017 წელს SHS-ით განპირობებულმა სიკვდილიანობამ მსოფლიოს მასშტაბით შეადგინა 1.2 მილიონი ადამიანი, ასევე სხვა ანალიზის მიხედვით 2004 წელს დაფიქსირდა 28% სიკვდილიანობა და 61% ავადობა ბავშვებში, ქვემო სასუნთქი გზების ინფექციით და ასთმით, რომლებიც განპირობებული იყო პასიური მწეველობით.

როგორც იქნა ჩვენს ქვეყანაში მიღებულ იქნა კანონი საზოგადოების თავშეყრის ადგილებში მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებით, თუმცა დღე არ გადის, რომ საჭესთან ყოფნის განმავლობაში არ ვაფიქსირებდე მოძრავ ავტომობილებს, რომელშიც იმყოფებიან ბავშვები, საჭესთან მჯდომი ან გვერდზე მჯდომი მშობელი კი სიგარეტს ეწევა. ეს, რა თქმა უნდა, სისტემატიურად ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვი განწირულია, ის კარგავს არჩევანის უფლებას - იცხოვროს ჯანმრთელად, თუ იყოს დაავადებული და მოკვდეს ადრე.

კრიტიკულად აუცილებელია მიღებულ იქნას კანონი, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული წესით დასჯადი იქნება ავტომობილში სიგარეტის მოწევა იმ შემთხვევაში თუ შიგნით იმყოფება ბავშვი. (ეს მინიმალურია რაც უნდა გაკეთდეს)," - აცხადებს ზაზა თელია.

ცნობისთვის: პასიური მწეველი - ეს ტერმინი XX საუკუნის 70-იან წლებში გაჩნდა. 

პასიური მწეველი ანუ მეორეული მწეველი არის ის ადამიანი, რომელიც შეისუნთქავს თამბაქოს მომხმარებლის მიერ ამოსუნთქულ კვამლს. მეორეული მწევლის ორგანიზმში ხვდება იგივე ტოქსიკური ნივთიერებები, ნიკოტინი, მხუთავი აირი, ბენზოლი, ფორმალინი, ციანიდი და სხვა სიმსივნის გამომწვევი სუბსტანციები, რომლებსაც ჩაისუნთქავს უშუალოდ სიგარეტის მომხმარებელი.

აღნიშნული ქიმიური ნივთიერებების ცუდი ეფექტი უფრო ძლიერად გამოვლინდება, როდესაც იგი ორგანიზმში ხვდება თამბაქოს საშუალებით, თუმცა მისი გავლენა საკმარისად მომწამვლელი რჩება პასიური მწევლისთვისაც. 

აქტიური მწევლის მიერ ამოსუნთქული მავნე ნივთიერებები ჰაერში რჩება 4 საათის განმავლობაში, ებღაუჭება თმებს, ტანსაცმელს და სხვა საგნებს, რომლებიც ასევე რისკის შემცველი ხდებიან გარშემო მყოფებისთვის, გამჯდარი დალექილი ნივთიერებების მოქმედებას მესამეულ მწეველობას უწოდებენ. 

დღის ამბები